ვაშლიჯვარში მეწყრული პროცესების მართვასთან დაკავშირებით მოქალაქეები აქციას მართავენ

პუბლიკა

ვაშლიჯვარში მოქალაქეები მეწყერთან და მეწყრული პროცესების მართვასთან დაკავშირებით აქციას მართავენ. ერთ-ერთ სკვერში შეკრებილი აქციის მონაწილეები მეწყრული პროცესების მართვის გამჭვირვალობას და მასში მოსახლეობის ჩართულობისკენ მოუწოდებენ თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს. მოქალქეები მოითხოვენ ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებასაც.

მოქალაქეებმა თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პეტიციაც შეადგინეს, რომელშიც მათი მთავარი მოთხოვნებია აღნიშნული:

  • გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.
  • დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
  • მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.
  • შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.
  • შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.

პეტიციის ავტორები წერენ, რომ ვაშლიჯვრის მოსახლეობას რამდენიმე დღეა „ენით აღუწერელ შიშში“ უწევს ცხოვრება  ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო და მოითხოვენ მეთ გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ინფორმირებულობას.

„მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება – რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ „გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან“ არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას.

ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროვებას, საფრთხის კომპეტენტურ ანალიზს, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან. ვთხოვთ იმ ადამიანებსაც, ვინც ვაშლიჯვარში არ ცხოვრობს, დაგვიჭირონ მხარი და შეუერთდნენ პეტიციას!“, – ნათქვამია მოქალაქეების გავრცელებულ პეტიციაში.