ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა წამყვანებმა ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა არხის მიერ მათი სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს.

როგორც ნინო ზაუტაშვილმა თქვა, „შემდეგი ეტაპი იქნება ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი“.

„სარჩელი ჩემი უკანონო გათავისუფლების თემას ეხება და ასევე, რეპუტაციის შელახვას. სარჩელი არ იქნება მარტო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ. სარჩელი იქნება ასევე ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად უკანონოდ გაავრცელა აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, თან პირად შემოსავლებთან დაკავშირებით.

საქმე გადაგზავნილია ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყონ მოძიება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლები ვართ. ძალიან მკაფიოდ ვხედავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მისიას და რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ზაუტაშვილმა.


11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე  საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ორივე ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგები და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მათთვის ცნობილი არ არის.

იმავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ზაუტაშვილის და ჩიქოვანის გათავისუფლება სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

მათივე განცხადებით, „დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები”.

გათავისუფლებული ტელეწამყვანების სოლიდარობის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ორმა თანამშრომელმა – მონიტორინგის მენეჯერმა, თეა კახიანმა და რადიოს წამყვანმა, დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს.

17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კრიტიკული მოსაზრებებისთვის, „რეპუტაციული ზიანის” საფუძვლით კიდევ 3 თანამშრომელი გააფრთხილა: გადაცემა „რეალური სივრცის” რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, „შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია და „შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელ პროდიუსერი თამარ ჯინჭარაული.

სამივე მათგანის დისციპლინარული სანქციის ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი არის „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტიაც გააფრთხილა.

პირველ მაისს ნინო ზაუტაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის გადაცემას „რეალურ სივრცეს“ ხურავდნენ.

„რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდმა 5 მაისს განაცხადა, რომ  მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჯერ ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს, შემდეგ კი თავად გადაცემა დახურეს, არხმა გადაწყვიტა, გუნდის მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემის საწარმოო გუნდში გაანაწილოს.

მათ საზოგადოებას გააცნეს თავიანთი გადაწყვეტილება – არ მოაწერონ ხელი ხელმძღვანელობის შეთავაზებას. ეს კი, მათი განცხადებით, ნიშნავს, რომ არხი მათთანაც გაწყვეტს შრომით ხელშეკრულებებს.