“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი – ამ შინაარსის ტექსტი დღეს სოციალურ ქსელში მსახიობებმა: ნანკა კალატოზიშვილმა, კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ და გივიკო ბარათაშვილმა გამოაქვეყნეს.
მსახიობების გადაწყვეტილება თეატრის ფასადიდან სინდისის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება.
19 თებერვალს სამთავრობო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ეატრის ფასადის ცენტრიდან ჩამოხსნეს, რასაც სამთავრობო „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და POS TV-ის ოპერატორები და ჟურნალისტები დაასწრეს. აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა და მეგობრებმა, თავდაპირველად მხარდამჭერი ბანერი ხელით ეკავათ, შემდეგ კი აივნიდან გადმოფინეს. 20 თებერვალს ბანერი მაინც ჩამოხსნეს.
როგორც თეატრის მსახიობებს განუმარტეს, ჩამოხსნის მიზეზი მუსიკალურის შოუსთვის პრომოს გადაღებაა. თეატრის ფასადზე ახლა „რუსთავი 2-ისა“ და კულტურის სამინისტროს ერთობლივი მუსიკალური პროექტის ბანერია გაკრული.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს 2024 წლის ნოემბერი-დეკემბერში გამართული აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შემდეგ მისი სოლიდარობის ნიშნად, მსახიობის მეგობრებმა და კოლეგებმა ანდრო ჭიჭინაძის ფოტოთი ბანერი თეატრის ფასადზე ჩამოაკიდეს, წარწერით „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“. ბანერი ერთი წელზე მეტ ხანს იყო ჩამოკიდებული.
გასული, 2025 წლის, აპრილში კულტურის სამინისტრომ თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რომელიც თავადაც მხარდაჭერას უცხადებდა აქციების დროს დაკავებულებს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით, მსახიობები რეგიონებში ჩავიდნენ და სხვადასხვა პერფორმანსით სოლიდარობა გამოხატეს აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების მიმართ.