ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ვატო ბჟალავას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ბჟალავა 12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს.
სხდომაზე მან კიდევ ერთხელ გაიხსენა დაკავების მომენტი და თქვა, რომ განყოფილებაში ერთ-ერთმა პოლიციელმა მასზე იძალადა. ბჟალავა დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მან პროცესზე მოჰყვა, რომ სამართალდამცავებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. სხდომაზე მოწმემ თავადაც დაადასტურა, რომ ბჟალავას დაკავების დროს მას ფორმა არ ეცვა.
„ძაღლს ვასეირნებდი, ვიყავი ვაკის პარკში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. არკასთან რომ ჩავედი ეს ორი ადამიანი მომყვებოდა. როგორც კი მოვიდნენ მითხრეს, რომ თუ შეიძლება შენი პირადობის მოწმობა მომეციო, ამოვიღე საფულიდან, ეგრევე მივაწოდე პირადობის მოწმობა. მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, გავყევი, ჩემი ხელით, ისე რომ არც შემხებია არც ერთი სამართალდამცავი, ჩემით მივედი და არკის წინ, შლაგბაუმთან გაჩერებულ მანქანაში ჩავჯექი. არც ერთს არ ჰქონდა არც მაიდენტიფიცირებელი რამე ნიშანი, რომ სამართალდამცველი იყო, არც თვითონ მითხრეს სახელები და გვარები. […]
ამიყვანეს მესამე ან მეოთხე სართულზე, შემიყვანეს რომელიღაც ოთახში. შემოვიდა მაღალი აღნაგობის ადამიანი, რომელმაც მითხრა, მეთქვა კოდი [ტელეფონის], რაზეც ვუთხარი, რომ ადვოკატის და სასამართლოს გარეშე არ ვეტყოდი. დამიწყო გინება, შემდეგ დამემუქრა, რომ ახლა ადმინისტრაციულით ხარ დაკავებული და გადაგიყვანო სისხლშიო, ორჯერ გამარტყა სილა, ინსტინქტურად ფეხზე რომ წამოვდექი ფეხში ჩამარტყა“, – თქვა ვატო ბჟალავამ.