ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

პუბლიკა

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი მამის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიმდინარე პროცესებს თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს.

კლინიკა „ჰელსიკორის“ დირექტორის თქმით, „როგორც ჩანს, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის ძალიან დიდი სტრესის შედეგი“.

ავთანდილ წერეთელი შვილმა გუშინ უგონო მდგომარეობაში იპოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკაში რჩება.

„ჩემს ოჯახს ცხოვრებაშივე გამოუტანეს სიკვდილის განაჩენი, გუშინ გადავრჩით, მაგრამ ბრძოლა გრძელდება უკეთესი ქვეყნისთვის. ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის ბრძოლა არაა. ამდენი სტრესი ვერ გადაიტანა. ტელევიზიის გამო ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მევაჭრებიან. 70 წლის ადამიანი, რომელიც დღეში 4 ინსულინს იკეთებს… არაადამიანური მოპყრობაა მის მიმართ და ამდენი საათს სასამართლოში ატარებს, ყოველდღე“, – აცხადებს ვატო წერეთელი.


ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი გასული წლის აგვისტოში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

„გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება”, – ნათქვამია პროკურატურის 22 აგვისტოს განცხადებაში.