„სირცხვილია": ვაუქმებთ რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას

პუბლიკა

„გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას”, – მოძრაობა „სირცხვილია” აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. ინფორმაციას ამის შესახებ „სირცხვილია” ავრცელებს. მოძრაობამ სოციალურ ქსელში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

მათივე თქმით, გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით გააგრძელებენ.

„მოძრაობა „სირცხვილია” აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას.

გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა.

ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.

ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს.

ჩვენი გადაწყვეტილების ერთერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას.

გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ.

მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.


ცოტა ხნის წინ ჯერ „სირცხილიას” მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ორგანიზაციის წევრები რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებაზე საუბრობდნენ, facebook-გვერდიდან წაიშალა.

„სირცხვილიამ“ გუშინ, 30 აგვისტოს, 9-წუთიანი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც იმ მიზეზებზე საუბრობდნენ, რატომაც რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირების გადაწყვეტილება მიიღეს.