ვაყენებთ პირობას და შემდეგ, თუ უნდათ რეალური დიალოგი, მოვიდეს პრემიერი ან წარმომადგენელი - გოლეთიანი

პუბლიკა

„რიონის ხეობის მცველი“ და აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათ სურთ დიალოგი, მაგრამ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ აიღოს რკინის ბარიკადები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა შეძლონ ნამოხვანში კარვების გაშლა.

„ჩვენ ახლა საბოლოოდ გვინდა ის სპეკულაციური დამოკიდებულება ამ დიალოგთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ. ამიტომ ახლა ველოდებით მათ კონკრეტულ ნაბიჯს. ჩვენ ვაყენებთ კონკრეტულ პირობას და რა პირობაა ეს: აიღონ ეს კედელი, წავალთ ნამოხვანში, გავშლით ისევ კარვებს, გავაგრძელებთ პროტესტს. ამის შემდეგ თუ მათ უნდათ ჩვენთან დიალოგი და ეს დიალოგი არ არის ისევ მხოლოდ ლოზუნგი, მოვიდეს გადაწყვეტილების მიმღები და შინაარსობრივ მხარეზე ვისაუბროთ ნამოხვანში, ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – თქვა მან. 

გოლეთიანის განმარტებით, გადაწყვეტილების მიმღები არ არის ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ისინი მას არ დაელაპარაკებიან. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიმღებ პირად მათ მიაჩნიათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„თუკი მოვა გადაწყვეტილების მიმღები ამ შემთხვევაში პრემიერი, კი ბატონო. შეუძლიათ რამე სხვა ფორმა მოიფიქრონ, გამოყონ ადამიანი, ვისაც მიანიჭებენ ლეგიტიმაციას, მანდატს გადაწყვეტილების მიღებისა ამ პრობლემების. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება რომ ველაპარაკებით X პიროვნებას, მაგრამ ის არის გადაწყვეტილების მიმღები, ანუ ჩვენთვის პრემიერი“, – თქვა მან.

გოლეთიანის თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სთავაზებენ კონკრეტულ ნაბიჯებს ხელისუფლებას, რათა სიტუაცია განუმუხტოს და ისინი ელოდებიან ხელისუფლებისგან ნაბიჯებს.

„თუ გადმოდგამენ ამ ქმედით ნაბიჯს, ეს იქნება მათი მხრიდან დამოკიდებულება იმისა, რომ სურთ სამართლიან გარემოში ჩვენთან საუბარი. ეს რაც ახლა აქ ხდება, ეს არის რეპრესიული გზით სიარული.

ჩვენი სურვილია, რომ პროცესები არ შევიდეს ჩიხურ მდგომარეობაში, არც ხელისუფლებისთვის, არც ჩვენთვის, რომ დაიძაბოს განსაკუთრებულად სიტუაცია. ამიტომ განმუხტისთვის ჩვენ ვთავაზობთ რა უნდა გააკეთონ. თუ გადმოდგამენ ამ ნაბიჯს, განიმუხტება, არ გადმოდგამენ და მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ“, – თქვა „რიონის ხეობის მცველმა“.