ვდგავართ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში - ავსტრიაში მცხოვრები ქართველები

პუბლიკა

„ჩვენ ვდგავართ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით რუსული გავლენებისა და ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში. არა რუსეთს! კი ევროპას!“,- ავსტრიაში მცხოვრები ქართველები განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას 200-ზე მეტი ავსტრიაში მცხოვრები ქართველი აწერს ხელს.

„ჩვენ, ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველები, შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე, აღშფოთებული ვართ მთავრობისა და მმართველი ძალის მიერ ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილებებით, რა დროსაც, მათ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები და გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მათ წინააღმდეგ.

ასევე, არ შეგვიძლია დავმალოთ ჩვენი უკიდურესი გულისწყრომა ა.წ. 29 აპრილს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ოლიგარქ ივანიშვილის მიერ, გაკეთებულ ყოვლადმიუღებელ განცხადებებზე, რითაც ზიანი მიადგა საქართველოსა და ქართველი ხალხის ურთიერთობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე უწყვეტად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“,- ვკითხულობთ განცხადებაში.