საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს სააღდგომო ლიტურგიაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს. საპატრიარქომ მრევლს მოუწოდა ტაძრებში მივიდნენ 9-მდე და ლიტურგიის შემდეგ 6-ზე დატოვონ ტაძარი. ასევე ითქვა, რომ ტაძრებში დაცული იქნება სოციალური დისტანცირებისთვის საჭირო წესები.
„დღეს მთელი საქართველო რისკჯგუფშია. დღეს ვართ იმ რისკის წინაშე, რომ ჩვენთანაც განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს, ზურა მირიანაშვილს ასაფლავებენ. კაცი, რომელსაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და დღე და ღამეს ათენებდა, მუშაობდა, იმიტომ, რომ იცოდა, თავის სამშობლოს ემსახურებოდა. ზურას ხსნოვნისთვის, ხალხო, ის, რაც გავაჩერეთ დღემდე წყალში ჩაყაროთ ყველაფერი, არ შეიძლება ასე.
ეს არ ეხება მარტო ეკლესიას. ოჯახებში ვრცელდება. ასე ჩვენ საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში და მოერიდეთ, ვინც ოჯახიდან გადის და ბრუნდება. ის იყოს იზოლირებული სხვა წევრებისგან.
სხვა გზა არ გვაქვს, თუ სახლში არ დავრჩებით, ვერ გადავრჩებით. ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი ეს ყველამ უნდა გავიგოთ“.
შეკითხვას – რას უკავშირდება გუშინ 24 საათში გამოვლენილი 30 ახალ შემთხვევა? – უპასუხა, რომ მიზეზი არის ის, რომ ადამიანები არ ითვალისწინებენ სახლში დარჩენაზე რეკომენდაციას.
მისი თქმით, თუ საჭირო გახდა, ზომები გამკაცრდება.
„თუ ჩვენ ოჯახებში შევიკრიბებით და მესმის, რომ ეს დიდი დღესასწაულია. 5-6-კაციანი სუფრის შემდეგ, შეიძლება ყველა ჩაწვეს. მესმის, რომ ტრადიციაა, მაგრამ დღეს ერთხელ ვთქვათ უარი იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. იგივე ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია. იგივე რომ დაემართებათ, რაც იტალიაში დაემართათ, ვეღარ ისეირნებენ“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, დღეს არსებული ვითარება ეპიდემიოლოგების დამსახურებაა, რადგან ეპიდემიოლოგები ყველა ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.
„თქვენგან მეტი არაფერი გვინდა – დარჩით სახლში. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს. სადამდე მოვიყვანეთ ეს ქვეყანა ამ ტესტირებებით, რომ ვართ მშვიდად ჯერ კიდევ. 300 შემთხვევაა და 5500 კაცია ტესტირებული. მიზნობრივი ტესტირება მიდის, ეს არის მთავარი. იტესტება ის, ვინც საჭიროა რომ გაიტესტოს“.
მისი თქმით, დინამიკა დღემდე იყო ისეთი, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგებით ჩაევლო ეპიდემიას.
„თუ არადა, მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, დღეს ჩვენ გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებული და ისინი გადამდები ხდებიან სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე.
„ასეთები ჩვენ გარშემო არიან და ამიტომ ვამბობთ ამდენი ხანია, რომ შიდაგადაცემა დაიწყო. ჩვენ გარშემო არიან ინფიცირებულები, რომლებმაც არ იციან, მოვლენ თქვენთან სტუმრად გაგხდიან ავად, მივლენ ეკლესიაში, იქაც გახდიან ყველას ავად. გავიგოთ ეს“, – თქვა იმნაძემ.