აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, საქართველოში ხელისულებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების შესახებ დისკუსიას გამოეხმაურა. რიშის თქმით, ის ელის, რომ პარტიები შეასრულებენ ხელშეკრულების პირობებს და პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან.
„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას. მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და წინსვლას ახალი საარჩევნო სისტემის ირგვლივ“, – წერს სენატორი Twitter-ზე.
ჯიმ რიშმა გააზიარა შეთანხმებასთან დაკავშირებით ელჩების განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რომლებიც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, – ვკითხულობთ პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და კონკრეტული პირების გათავისუფლების მოთხოვნა სასამართლოსა და პროკურატურაზე ზეწოლას ნიშნავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინდელ განცხადებაში დაადასტურა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციამ ოთხივე შეხვედრაზე დააყენა, თუმცა, თალაკვაძის მტკიცებით, „ოცნებისგან” პასუხად მათ მიიღეს, რომ აღნიშნული პირების გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკების საგანი ვერ გახდებოდა.
„ვთხოვ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს. ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით, ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემისა და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თუმცა, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, დიპლომატებმა თავი შეიკავეს უშუალოდ მოლაპარაკების შინაარსზე საუბრისგან. „ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას“, – ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.