საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
როგორც კარლ ჰარცელი ამბობს, ვიდრე არ გაიგებს ამბის კონტექსტს და არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა მანამდე კომენარს ვერ გააკეთებს.
„ვადევნებთ თვალს ამ ისტორიას, რომელიც სწრაფად ვითარდება და ვიდრე არ გავიგებ ამ ამბის კონტექსტს და არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს. მოვერიდები სპეკულაციებს. ველოდები უფრო მეტ სიცხადეს, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება, სავარაუდოდ, რუს სანქცირებულ ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოვს. ევტუშენკოვი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მიმდინარე თვეს მოხვდა.
პირველი საუბარი 10 მარტითაა დათარიღებული და მასში, სავარაუდოდ, რუსი ბიზნესმენი ეუბნება ივანიშვილს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს და ასევე ის ამბობს, რომ ივანიშვილს ნახავს მისი მოადგილე, ალი უეზდენოვი ხორბლის თაობაზე.
მეორე საუბარი 13 მარტით თარიღდება. ამ საუბარში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვს, სავარაუდოდ, ივანიშვილი ეუბნება, რომ ალი უეზდენოვი პრემიერთან შესახვედრად გაუშვა. უთხრა მას, რაც უნდა გააკეთონ და სავარაუდოდ, უკვე ხვდებიან ერთმანეთს. სავარაუდოდ, ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ ქალაქგარეთაა, მაგრამ თუ საჭიროა, თვითონაც შეხვდება ალის.
აუდიოჩანაწერი, YouTube-ზე Cyber Kmara-ს არხზე გამოქვეყნდა.