დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დამატებით 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა შემოვა.
„შემოვა მეორე პარტია და ველოდებით დამატებით 100 000 დოზა „სინოფარმს“, მინდა განვმარტო, რომ მანამდე მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა რეგისტრაცია. ვისაც პირველი აცრა აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება. მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, შეუძლია ჯავშნის გარეშე მოვიდეს და აიცრეს მეორე აცრაზე. ჩვენ ვთავაზობთ, ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, აიცრან „სინოვაკით“, იგივე დამცველობითი უნარი აქვს, რომელიც გვაქვს საკმაოდ და უკვე 100 000-მდეა „სინოვაკზე“ აცრა. ასევე გვაქვს „ფაიზერი“ სერიოზული რაოდენობით, თვის ბოლოს ველოდებით კიდევ დაახლოებით 400 000 დოზა „ფაიზერს“. ანუ ის მილიონი, რაც არის ნაყიდი, იქიდან თითქმის უკვე სრულად შემოვა „ფაიზერი“.
ჩვენ სექტემბერს შევხვდებით სადღაც მილიონი დოზა „ფაიზერით“. აქედან დაახლოებით 250-300 ათასი დოზა დაჯავშნილია მეორე და პირველი აცრებისთვის. ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია დაახლოებით 350 000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ „ფაიზერით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.
შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.