ველოდებით ექსპერტების საბოლოო დასკვნებს, შემდეგ შევჯერდებით გადაწყვეტილებაზე - მინისტრი რესპუბლიკურზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე გახდება ცნობილი, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მინისტრი გადაწყვეტილების მიღების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მედპერსონალი საავადმყოფოში ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას და პაციენტებსაც ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ.

მინისტრი აცხადებს, რომ მის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და შეფასებები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით „შენობის მყისიერად რეაბილიტაციას ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა“.

მინისტრი ამბობს, რომ უწყება ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ელოდება.

„ჩვენი კომენტარები და შეფასებები პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე იყო, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს და დიდი ალბათობით იგულისხმებოდა შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად, ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების ახალი კლინიკის აშენება….

რესპუბლიკური საავადმყოფო იმ სტანდარტებში იქნება მოქცეული, რისი მიღწევაც კლინიკებს 2025 წლისთვის მოუწევთ. აქედან გამომდინარეა დაჩქარებული ის პროცესები, რაც შესწავლას გულისხმობს. არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ““,- ამის შესახებ მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრი ამბობს, რომ შეხვედრისას შეთანხმდნენ კომუნიკაციის ფორმებზე, რადგან ის მიიჩნევს, რომ „შეიძლება გასული პერიოდის განმავლობაში ცუდი კომუნიკაციის ბრალიც იყო“ მედპერსონალის მიერ გამოხატული პროტესტი.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც ექსპერტების დასკვნებს გაეცნობიან, ინფორმაციას გააცნობენ მედპერსონალსაც და მათთან ერთად შეჯერდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მოხდება კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია, თუ სართულების ცვლილება.

„ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ველოდებით, ასევე, ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით ვაკეთებთ. მინდა კარგად შეთანხმებულად დავრწმუნდეთ, რა არის საჭირო და აუცილებელი, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი. ვადასტურებ, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ სახელმწიფო წარმოდგენილი უნდა იყოს მძლავრი, 500 საწოლზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

პრეზენტაციაზე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკის თანამშრომლებს, მიმდინარე და ჩატარებული კვლევებიც გააცნეს.

დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, რომელმაც განაცხადა, რომ „კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არის ადეკვატური, სწორი და მართებული.“

 „დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები რაც პრემიერ- მინისტრმა და მინისტრმა ბრძანა, ეს გარანტიები არის და იქნება შესრულებული. ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ გვეყოლება . ჩვენი კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში.კონცეფცია იყო სწორი და ადეკვატური“,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მედიკოსების პროტესტმა შედეგი გამოიღო.

მისი თქმით, სანამ საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, სანამ კონკრეტული სამშენებლო საექსპერტო შეთანხმება არ იქნება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„მინისტრმა ბრძანა, რომ ყველა გადაწყვეტილებაზე კომუნიკაცია იქნება და ჩართულები ვიქნებით. რაც შეეხება პროტესტს, ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ თანამშრომლებთან. პროტესტი არავის თვითმიზანი არ არის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა პროტესტმა საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო, იმის მცდელობაა, რომ პროცესში ჩართული იყოს ის ხალხი, ვის კისერზეც უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ კრიზისი განმუხტულია. კრიზისის განმუხტვა 1 წუთში არ ხდება. დაიწყო ის ნაბიჯი, რომ კრიზისული სიტუაცია სამუშაო რეჟიმში გადავიდეს“, – აცხადებს გიორგი დუნდუა.

22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.

ღია წერილში, რომელიც რესპუბლიკურის თანამშრომლებმა საავადმყოფოს facebook-გვერდზე გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მათთვის მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ექიმებმა მომდევნო დღეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.