ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვტოვებთ მანდატებს - მამულაშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნონა მამულაშვილი, რომელმაც 2 დღის წინ მანდატის დატოვების შესახებ განაცხადა, დღესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი არ ყოფილა.

„რადიო თავისუფლების“ „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მაინც აკეთებს იმას, რაც სურს, რადგან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის კენჭისყრაა ერთადერთი, რაშიც ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს.

„მე არ ვამბობ, რომ პარლამენტში დარჩენას ვაპირებ. მე ვამბობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა დავუჭირო მხარი, როგორც ეს ქვეყანას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებას სჭირდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ის დესტრუქციული ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩვენკენ თითის გამოშვერას აიძულებს.

ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვტოვებთ მანდატებს“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მამულაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება და მისი განხილვა „ქართულმა ოცნებამ“ მალე უნდა ჩანიშნოს.

როგორც დეპუტატი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „მიშელის დოკუმენტს“ ანულირებულად აცხადებს, მაინც აქვს ვალდებულება, მიიღოს საკონტიტუციო ცვლილებები.

მანდატის დატოვების შესახებ „პუბლიკა“ ენმ-ის კიდევ ერთ წევრს, ანი წითლიძეს ესაუბრა.

მისი განცხადებით, ის აპირებს, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, როდის მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 1 ნოემბერს, გავრცელდა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გზავნილი, რომელშიც ის წერდა, რომ მისმა თანამებრძოლებმა პარლამენტი უნდა დატოვონ.

ამის შემდეგ ნონა მამულაშვილმა, ენმ-ის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, განაცხადა, რომ პარლამენტს დატოვებს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 2 ნოემბერს აცხადებდნენ, რომ მანდატების დატოვების შესახებ საერთო პოზიციას მოგვიანებით გაამჟღავნებდნენ, საპარლამენტო საქმიანობას კი ბოიკოტს უცხადებდნენ.

მოგვიანებით გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მანდატების დატოვებამდე დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში კენჭისყრაზე.