ველოდებით სტატუსს და ამ დროს გაუგებარია ეს განცხადებები ევროპარლამენტარებზე - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა მომდევნო კვირაში ელოდება პირველ შეფასებას საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში გაწევრების სტატუსზე და ამ დროს უმრავლესობის მხრიდან ევროპარლამენტარებისა და ევროპის მისამართით გაკეთებული განცხადებები გაუგებარია.

ამის შესახებ პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„შეიძლებოდა უკეთ მომზადება, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა [ყოფილიყო], ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდშიც. გვესმის პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომელიც, ალბათ, არ ვიცი, დაუფიქრებელია, თუ არასაჭირო, იმ მომენტში, როდესაც ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს… ყველა ელოდება მომავალ კვირაში პირველ შეფასებებს კომისიის და შემდეგ, ივნისის ბოლოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები იქნება, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარების მიმართ, ხან ევროპაზე, რომელიც ცოტა გაუგებარი არის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, უმრავლესობის წევრების განცხადებებზე შეკითხვები მას არ მიემართება, რადგან ის [პრეზიდენტი] „ლოგიკას ვერ ხედავს“. მისი თქმით, ეს შეკითხვა განცხადებების ავტორებს უნდა დაუსვან.

„აქ ორი საკითხი არის, ჯერ ეს ერთი –  რაღაცები არ ითქმის, იმიტომ რომ ზრდილობის საკითხი არის და მეორე – ამ პერიოდში, როდესაც ვიცით,რომ  სენსიტიური მომენტია არ შეიძლება არ ვუფრთხილდებოდეთ განცხადებებს. ვიცით და გასაგებია, რომ ხანდახან შეიძლება რაღაც რეაქცია იყოს, მაგრამ ასეთი თანმიმდევრობით, ცოტა გაუგებარია“, – თქვა პრეზიდენტმა.