ვემიჯნები ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ვგმობ ძალადობას – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

პუბლიკა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე გმობს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას.

„მე როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი,ცალსახად ვემიჯნები 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ვგმობ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას. მიმაჩნია,რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი სურვილია,არამედ ჩვენი წინაპრების საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენს.

ასევე ერთგული ვრჩები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ,სადაც მკაფიოდ არის ჩანაწერი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი და მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ გზაზე ,ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ყველა ძალისხმევას უნდა მივმართოდ, რომ აღსრულდეს ნება ქართველი ერისა. წინ ევროპისაკენ!”, – წერს მიხელ ბუცხრიკიძე.

ადგილობრივ მედიას, სამხრეთის კარიბჭეს“ მიხეილ ბუცხრიკიძემ განუმარტა, რომ მისი პროტესტი ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია.

„ჩემი გულის ამოძახილია ეს პოსტი, დიდი ხანია ვაპირებდი გამომეხატა ჩემი პოზიცია და დღევანდელ დღეს გავაკეთე. აქამდეც ვაფიქსირებდი  ჩემს აზრს და უკმაყოფილებას იმ ნაბიჯებზე, რასაც დგამდა და დგამს დღევანდელი ხელისუფლება.

საკრებულოში არსებულ განწყობებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ მინდა სხვა საჯარო მოხელეები დავაზიანო, თქვენ იცით, რომ კანონში შეტანილი ცვლილების გამო, ძალიან მოწყვლადი გახდა საჯარო მოხელე.

ვრჩები სამსახურში ჯერჯერობით. ახალი კანონით მეც მემუქრება და სხვა საჯარო მოხელეებსაც შუა რგოლოს და ქვედა რგოლს. ჩვენი გათავისუფლება პარტიულ ინტერესზე იქნება დამოკიდებული და არა პროფესიონალიზმზე“, – ამბობს მიხეილ ბუცხრიკიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო.

ცვლილებებით არსებული საკანონმდებლო წესრიგი უარესდება და ის ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სულისკვეთებას, – ამბობენ სამოქალაქო ორგანიზაციები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება საჯარო დაწესებულებების პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და შუა რგოლის მოხელეების დანიშვნას ეხება. ცვლილებები შეეხო რეორგანიზაციის საფუძვლებსა და საჯარო მოხელეთა შეფასების წესსაც.

ცვლილებამდე: მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები ინიშნებოდნენ განუსაზღვრელი ვადით და ჰქონდათ საჯარო მოხელის სტატუსი.

ცვლილებების შემდეგ: ისინი აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად, არამედ გახდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებული პირები.

ასევე, ხელმძღვანელების უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც.

მაგალითად: თუ გათავისუფლდა მინისტრი, გათავისუფლდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულებიც, ანუ პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და შუა რგოლის მენეჯერები.

ახალი რედაქციით: შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელმძღვანელი მიიღებს. კონკურსი საჭირო აღარ გახდება. მათზე აღარ გავრცელდება მოხელისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის – სახელმწიფო ენის ცოდნა, მოხელის სერტიფიკატი და ასაკთან დაკავშირებული საკითხები.

სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, მოხელის განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის მიზანი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნა იყო. ახალი ცვლილებებით კი ნეპოტიზმის რისკი იზრდება.

ცვლილებები შეეხო რეორგანიზაციის საფუძვლებსა და საჯარო მოხელეთა შეფასების წესსაც.

ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე, წელიწადში ერთხელ შეფასების ნაცვლად, შეფასდება 6 თვეში ერთხელ. მოხელე შეფასდება წელიწადში 2-ჯერ და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, ის გათავისუფლდება სამსახურიდან.

აქამდე, ეს პროცესი 2 წელიწადს მოითხოვდა. თუ მოხელე მიიღებს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.