„ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის“ - გახარია არ ამბობს, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

პუბლიკა

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი პარტია ემზადება ყველა არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალურისთვის. მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ, შეიძლება არ მიიღონ და ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად არაა.

„ტვ პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას კითხვას – თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, არის შანსი რომ ამ არჩევნებზე გახვიდეთ? – გახარია პასუხობს: „რა თქმა უნდა, არის შანსი“.

„საქმე მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ნებისმიერი არჩევნებისთვის. მე ახალს კი არაფერს არ ვამბობ, თქვენს ეთერშიც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ დღეს, რომ მივაღწიოთ საპარლამენტო არჩევნებს, შესაბამისად ეს საპარლამენტო არჩევნები ერთად იქნება, მუნიციპალურ არჩევნებამდე იქნება, მუნიციპალურ არჩევნებამდე თუ არ იქნება როგორ ფიქრობთ, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ახალი არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება?! არ მოიხსნება. შესაბამისად, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თვითონ აქვთ მისაღები და უყურებენ აი გახარია პირველი როდის იტყვის და მან მიიღოს ყველა პოლიტიკური ზიანი და მერე ჩვენც მივყვებით უკან, ყველამ თავის საქმეს მიხედოს რა. მე ვამბობ ერთ რამეს, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის იმიტომ, რომ შენ თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყოველთვის მზად უნდა იყო არჩევნებისთვის. […] ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში…. [ვთქვათ ერთად არ დაინიშნა?] რომ არ დაინიშნება მერე გადავწყვეტთ მივიღებთ თუ არა მონაწილეობას“, – ამბობს გახარია.