ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესწორებული კანონპროექტი შეაფასა. კომისია წერს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ კანონპროექტში შეტანილმა ცვლილებებმა, შეიძლება, გამოასწოროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან გარდაუვალი შეუთავსებლობა. კომისიის დასკვნით, შესწორებული კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს და ნაცვლად „პერსონალური მიდგომისა“ უნდა გატარდეს „სისტემური მიდგომა“.
სისტემური რეფორმისთვის, კომისიის მოსაზრებით, საჭიროა სხვადასხვა სფეროს რეფორმა, ასევე სასამართლო სისტემის ერთიანი რეფორმა.
„ვაღიარებთ რა, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და რომ ზოგიერთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორიცაა, მაგალითისთვის, სახელმწიფოს მიტაცება, რადიკალური ზომები, როგორიც არის პერსონალურ ხასიათის ზოგიერთი ზომა, შეიძლება იყოს გამართლებული, დროებითი და განსაკუთრებული საფუძვლებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს დამატებითი ზომები და არა სისტემური მიდგომის ალტერნატივა. თუმცა, თუ ასეთი საჭიროება იქნებოდა, ასეთი ზომები უნდა შემუშავებულიყო პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით. ამასთან ერთად, უნდა არსებობდეს მკაფიო ლეგალური კრიტერიუმები, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიები და სამართლიანი სამართლებრივი პროცესი. ასეთი წინაპირობები, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება ამ კანონების კონსტრუქციას.
ამაში მდგომარეობს დღევანდელი ფორმით წარმოდგენილი დეოლიგარქიზაციის კანონების უდიდესი პარადოქსი: თუ ადმინისტრაცია და სასამართლო სისტემა ძლიერია და საკმარისად დამოუკიდებელი, რომ მხარი დაუჭიროს „პერსონალური ზომების“ მიღებას, როგორც ეს არის აღწერილი, მაშინ ეს ზომები მეტად აღარ არის საჭირო, რადგან წინაპირობები დაცულია, რათა აამუშაო უფრო მეტად სისტემური და ეფექტური სტრატეგია. ხოლო თუ პირიქითაა და ადმინისტრაცია და სასამართლო სისტემა „მიტაცებულია“ იმ ინტერესების მიერ, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლისკენ არის მიმართული „პერსონალური ზომები“, მაშინ ასეთი ზომები არის არაეფექტური, რადგან მიღებულია აღმასრულებელი აქტების მეშვეობით, რომლებსაც სრულად არ გაუვლიათ ეფექტური სასამართლო კონტროლი, და ეს ძალზედ სახიფათოა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის.
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, დაამტკიცოს „სისტემურის“ გარდა, როგორ და რამდენად საჭიროა ის პერსონალური ზომები, რომლებიც რჩება შესწორებულ კანონპროექტში, ოლიგარქიული გავლენის არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ მთლიანად დასაძლევად. მართლაც, ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის ნაცვლად, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა ქმნის რისკს, ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო იარაღად იქცეს. ვინაიდან, ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ შესწორებულ კანონპროექტში ცვლილებებმა შეიძლება, აღმოფხვრას გარდაუვალი უთანხმოება ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და საჭიროა „სისტემური“ მიდგომა.
ამიტომ, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, არ მიიღონ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი”, – ვკითხულობთ დასკვნაში.
რეკომენდაციები ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისიფლებას:
• „ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი, მათი ხარვეზების სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით;
• შეიმუშაონ მაკორექტირებელი, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს:
• ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას;
• მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და კორუფციის პრევენციას, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის, ანუ GRECO-ს რეკომენდაციების შესაბამისად;
• სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;
• მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას;
• ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესებას, მათ შორის იურიდიული პირებისა და ღონისძიებების გამჭვირვალობას, აგრეთვე ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციის დროულ და ეფექტურ წვდომას MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;
• პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;
• ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
• ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერებას;
• შეაფასოს, თუ როგორ შეუძლიათ სხვადასხვა ინსტიტუტს (ანტიკორუფციულ ორგანოებს, ანტიმონოპოლიური კომიტეტს, სახელმწიფო აუდიტს, საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს და ა.შ.) უკეთ იმუშაონ ერთად, რათა თავიდან აიცილონ და აღმოფხვრან „ოლიგარქიული“ გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; რეგულარულად შეაფასოს ასეთი ღონისძიებების გავლენა;
• ამგვარად, ოლიგარქიული გავლენის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, დანერგოს ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც ფოკუსირებული სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის მეშვეობით გაუმკლავდება ოლიგარქიზაციის პრობლემას, ამ პრობლემის ურთიერთდაკავშირებული ბუნების აღიარებით, რაც კანონის სხვადასხვა სფეროსა და მათ განმახორციელებელ ინსტიტუტებს შორის დაკავშირების საშუალებას მისცემს;
• განახორციელოს იგი დაუყოვნებლივ, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულად“, – ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისიის პირველი კრიტიკული დასკვნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა და განახლებული ვარიანტი ვენეციის კომისიას უკან გადაუგზავნა.
ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სისტემური მიდგომის შემუშავება იყო. მათი შეფასებით, ქართული კანონპროექტი პერსონალურ მიდგომას ემყარება.
კანონპროექტის ავტორებმა მასში რიგი ცვლილებები შეიტანეს, მაგალითად, ოლიგარქთა რეესტრი მთავრობის ნაცვლად ანტიკორუფციულ ბიუროს დაუქვემდებარეს; ასევე დააზუსტეს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული პუნქტები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენის დეფინიცია და სხვა ტექნიკური დეტალები.