ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დამტკიცდა

პუბლიკა

ვენეციის კომისია დასკვნას აავრცელებს, სადაც საუბარია საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე“.

„2020 წლის 18 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას საჯარო განცხადებით მიმართა და სთხოვა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გამოეთხოვათ კანონპროექტთან დაკავშირებით იქამდე, სანამ მისი დამტკიცება მოხდებოდა. თავის მოთხოვნაში, რომელიც ვენეციის კომისიას 22 სექტემბერს გაეგზავნა, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებდა, რამდენად აკმაყოფილებდა ცვლილებების პროექტი კომისიის ძირითად რეკომენდაციებს“, – აღნიშნულია დასკვნაში.

როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, მათ ჰქონდათ სურვილი, რომ დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში.

„თუმცა, იმის გამო, რომ საქართველომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართა, მას ჰქონდა ძალიან ლიმიტირებული დრო და სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ თავისი ანალიზი დაეყვანა იქამდე, მოდიოდა თუ არა კანონპროეტი კომისიის წინა რეკომენდაცაიებთან თანხვედრაში. 2020 წლის 30 სექტემბერს სამდივნოს ეცნობა, რომ, სამწუხაროდ, კანონპროექტი მესამე მოსმენით იმავე დღეს დამტკიცდა“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

კომისიის განცხადების თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით წავიდა, როდესაც ფარული კენჭისყრა გააუქმა და უზრუნველყო, რომ ყველა ხმას თანდართული უნდა ჰქონოდა წერილობითი დასაბუთება, რაც ამასთანავე, საჯარო ინფორმაცია გახდა. თუმცა, ვენეციის კომისიის განმარტებით, ჯერ კიდევ რჩება ვენეციის კომისიის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომლებიც კანონში ასახული არ არის და შემდგომ მუშაობას საჭიროებს.

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მესამე და უკანასკნელი მოსმენით 2020 წლის 30 სექტემბერს დამტკიცდა.