ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ ცვლილებებმა შესაძლოა პოლიტიკური პლურალიზმი, თანასწორობა და ადგილობრივი არჩევნების სამართლიანობა დააზიანოს.
ვენეციის კომისიამ დასკვნა 14-15 მარტის პლენარულ სესიაზე მიიღო.
დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ცვლილებები მმართველმა პარტიამ ერთ კვირაში, ერთპიროვნულად, ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი კონსულტაციის გარეშე და პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე მიიღო.
ვენეციის კომისიის სტანდარტების თანახმად, საარჩევნო ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მიიღებოდეს ფართო კონსენსუსით მასშტაბური საზოგადოებრივი კონსულტაციის შემდეგ და განხორციელდეს პოლიტიკური მზადყოფნითა და სასამართლო გარანტიებით.
დასკვნაში წერია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხილულა საარჩევნო პროცესის არც ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეთან – ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ან სამოქალაქო საზოგადოებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, შესაძლებელი იყო გარე კონსულტაციები, თუმცა ისინი არ განხორციელდა.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა ადრე შეთანხმებული დებულებები.
გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ცესკოს აქვს უფლებამოსილება, დააწესოს საარჩევნო ოლქების საზღვრები.
თუმცა, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებით, უქმდება 2021 წლის რეფორმებით მიღებული წესები, რომლებიც ადგენს საარჩევნო ოლქების მკაფიო საზღვრებს. ცესკოს ენიჭება ფართო უფლებამოსილება, დააწესოს, შეცვალოს ან ხელახლა განსაზღვროს საარჩევნო ოლქები სამართლებრივი შეზღუდვების გარეშე.
ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროპულ საარჩევნო პრინციპებს და გასცემს რეკომენდაციას, საარჩევნო კოდექსით მკაცრად დარეგულირდეს საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია და ეს დაეფუძნოს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს.
ამასთან, საარჩევნო ოლქების ცვლილება მოხდეს არჩევნების დანიშვნამდე მნიშვნელოვნად ადრე, ხოლო 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აღდგეს 2021 წლის საარჩევნო ოლქების საზღვრები – საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება 2025 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი, ხოლო „ქართული ოცნების” პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის დეკემბერში მიიღო, რაც 1 წელზე ნაკლები დროა.
კომისია ლაპარაკობს საარჩევნო ბარიერის ზრდაზე – პროპორციული საარჩევნო სისტემის ბარიერი თბილისში 2.5%-დან, რეგიონებში კი 3%-დან 4%-მდე გაიზარდა, რაც პატარა პარტიებს პარლამენტში მოხვედრას გაურთულებს.
ვენეციის კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია, ამ ტიპის ბარიერი ლეგიტიმური მიზნით უნდა იყოს გამართლებული და ემორჩილებოდეს პროპორციულობის პრინციპს.
დასკვნის თანახმად, საარჩევნო ბარიერის ზრდა არაპროპორციულად დააზიანებს მცირე პარტიებს.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ შეთავაზებული ცვლილებები აძლიერებს მაჟორიტარულ კომპონენტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მმართველი პარტიის პოზიციის გამყარებას.
„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული ევროპული სტანდარტი, რომელიც ადგილობრივი საბჭოების არჩევნებისთვის კონკრეტულ საარჩევნო სისტემას განსაზღვრავს, ეს ცვლილებები, მათი ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს. უფრო მეტიც, ისინი შეიძლება არღვევდეს თანასწორი საარჩევნო უფლებების პრინციპს, განსაკუთრებით საარჩევნო ხმების სამართლიანი გადანაწილებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის კუთხით”. – აცხადებს ვენეციის კომისია და გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
- მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმება;
- საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსით, რომელიც უნდა მოიცავდეს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს. 2025 წლის არჩევნების შემდეგ ოლქების საზღვრები უნდა დაადგინოს დამოუკიდებელმა ორგანომ.
- საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი დამატებითი ცვლილება უნდა განხორციელდეს საარჩევნო სისტემის ყოვლისმომცველი და საფუძვლიანი განხილვის ფარგლებში, და არა ფრაგმენტული და ხშირი ცვლილებების გზით. საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპი უნდა იყოს დაცული.
საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველი განხილვა უნდა ეფუძნებოდეს:
- მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს;
- პოლიტიკურ მზადყოფნას, რომ ეს კანონმდებლობა კეთილსინდისიერად შესრულდება, სათანადო პროცედურული და სასამართლო გარანტიებით, ასევე მექანიზმებით, რომლებიც დროულად შეაფასებს შესაძლო დარღვევებს.