მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის ხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება უცვლელია. მისი თქმით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, უარი თქვან უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილი ორივე კანონპროექტის მხარდაჭერაზე.
„საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს ამ გადაწყვეტილებას და თავიდან ბოლომდე იზიარებს მას.
რა შეეხება პროცედურულ ნაწილს, რაზეც იყო მთავარი კითხვები, მე შემიძლია გითხრათ, უკვე რა მოხდა – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ განიხილოს და დასკვნა წარმოადგინოს. ასევე, მეორე კანონპროექტი (ე.წ. ამერიკული ვარიანტი), რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. ასევე, ფორმალობაა, მაგრამ წერილიც ახლავს მათი, რომ უარს ამბობენ მხარდაჭერაზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, ის გავა მეორე მოსმენაზე და ჩავარდება“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.