ვენეციის კომისია მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ და ცენზურის დამწესებელ საკანონმდებლო ინიციატივებს აფასებს და რეკომენდაციას გასცემს, ხელისუფლებამ არ გააგრძელოს მისი მიღება.
ვენეციის კომისიის შეფასება კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”.
ვენეციის კომისია წუხს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას და ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, ინიციირებულია პერიოდში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი და გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებით და ძლიერი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობებით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ეს არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ხდება და უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოყენებულ შეშფოთებებს.
ვენეციის კომისია, ახალი შესწორებების მიღებამდე, იძლევა ეროვნულ სისტემაზე გავლენის დეტალური და კარგად დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით, სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ისევე, როგორც შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ზრუნვა, ა.შ.).
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მსგავსი ანალიზი საჯარო უნდა იყოს და ისეთ პერიოდში ჩატარდეს, რომელიც შესაბამისი იქნება გულწრფელი და მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რაც არსებული საკითხების გულწრფელი და მიუკერძოებელი შეფასების საშუალებას შექმნის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში შესატანი საფრთხის შემცველი დებულებები შეუძლებელია, შეესაბამებოდეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ასეთი ტექსტის მიღების ინიციატივაც კი საქართველოში LGBTI ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული გარემოს (კიდევ უფრო) გამწვავების რისკს აჩენს.
შესაბამისად, ვენეციის კომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს რეკომენდაციას აძლევს, მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება.
თუმცა, თუ ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება მაინც მოხდება, ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, შევიდეს შემდეგი მოდიფიკაციები:
სიტყვა „ჰეტეროსექსუალი” შეიცვალოს ტერმინით: „მარტოხელა” ან „ფიზიკური პირი”
მუხლში 1.4 წაშალოს ფრაზა „გენეტიკური მონაცემების შესაბამისად” და ჩამოყალიბდეს საკმარისად დეტალური და ზუსტი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსგენდერი ადამიანების რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლის სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს.
ვენეციის კომისია ასევე მიუთითებს კონსტიტუციური კანონპროექტის მუხლებზე – [1.3; 1.5; 1.6; 1.7; 1.8] – რომლებიც უნდა წაიშალოს, რათა კანონი შეესაბამებოდეს ანტიდისკრიმინაციულ სტანდარტებს. მათ შორის, წაიშალოს ჩანაწერი ინცესტის შესახებ და ამის რეგულირება მოხდეს დამოუკიდებლად, სისხლის სამართლის კოდექსით.