ვენეციის კომისიის წევრი: როცა მოსაზრება შემუშავდა, „ოცნებას" კომენტარები ვთხოვეთ, მაგრამ არ გვიპასუხეს

პუბლიკა

ვენეციის კომისიის წევრი, დევიდ ქეი ამბობს, რომ რუსულ კანონზე დასკვნის პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა, გამოქვეყნებამდე გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას, თუმცა „ქართულ ოცნებას” კომისიისთვის პასუხი არ დაუბრუნებია. ამის შესახებ ის „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს.

ქეის თქმით, „ხელისუფლებას რომ ჰქონოდა კომენტარები, რომლებიც სპეციფიკური იქნებოდა და რომელთა გათვალისწინებაც ვენეციის კომისიას შეეძლებოდა, ასეც ვიზამდით”.

დევიდ ქეი სამართლის პროფესორი და ვენეციის კომისიის დასკვნის თანაავტორია.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ დასკვნას [საქართველოსთან მიმართებაში]- ვენეციის კომისიას აქვს სამდივნო, რომელიც ორგანიზებას უწევს მოლაპარაკებებს. მან მოაწყო საუბრების სერია [საქართველოს] მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. ასე რომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მტკიცე საუბრები საქართველოში შესაბამის აქტორებთან.

როგორც კი მოსაზრება შემუშავდა, საბოლოო ვერსია გაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ვფიქრობ, მათმა საჯარო განცხადებებმაც ამაზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რომ ჰქონოდა კომენტარები, რომლებიც სპეციფიკური იქნებოდა და რომელთა გათვალისწინებაც ვენეციის კომისიას შეეძლებოდა, ასეც ვიზამდით. მაგრამ, მათ არანაირი კომენტარი არ გამოუგზავნიათ.

პროცესი ასეთია – ჯერ ხდება დასკვნის პირველი ვერსიის დაწერა, შემდეგ მას ეთანხმება ყველა, ვინც საჭიროა, რომ დაჩქარებული მოსაზრების დროს მას დაეთანხმოს კომისიაში. ეს უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე სხვა ტიპის დასკვნების გამოქვეყნებისას. როდესაც პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა ვენეციის კომისიაში, ის გადაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას და მათ დაუსვეს კითხვა – სურდათ თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება?

ეს არ არის ძალიან დიდი დასკვნა, ამიტომ მასზე პასუხს დიდი დრო არ უნდა დასჭირვებოდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი [„ქართული ოცნება”] არ გამოგვეხმაურნენ, ან გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. მათ ერთი სრული დღე ჰქონდათ საპასუხოდ, მაგრამ არჩიეს, ასე არ მოქცეულიყვნენ. ასე რომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობას ჰქონდა შანსი, რომ ეპასუხა და ამაზე უარი თქვა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა”, – ამბობს ქეი.

დევიდ ქეი ასევე აცხადებს, რომ დასკვნა არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე, არამედ კანონზეა ორიენტირებული. ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ჭკვიანური იქნებოდა პასუხის ჩამოყალიბება.

„თუ შეხედავენ, რა წერია მოსაზრებაში, ნახავენ რომ ის ძალიან კონკრეტულია. ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ მთავრობა კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიალოგში ამ კანონზე და უკან გაიწვიოს ეს კანონი, ან შეაჩეროს პროცესი. არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს”, – აცხადებს დევიდ ქეი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ითხოვს ვენეციის კომისია – კანონის გაწვევას თუ მის შეცვლას, ქეი პასუხობს:

„მის უკან გაწვევას. ვენეციის კომისია, როგორც ალბათ, თქვენ და თქვენმა მსმენელებმა იცით, განიხილავს კანონებს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ის კანონებს აფასებს, როგორც წესი, ავრცელებს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაცვლელი რაიმე იმისთვის, რომ [ეს კანონი] იყოს შესაბამისობაში, მაგალითად ადამიანის უფლებების კანონთან, კონსტიტუციონალიზმთან, ან დემოკრატიასთან. ზოგჯერ კანონი იმდენად ფართოდ პრობლემურია, რომ კომისია უბრალოდ მოითხოვს, რომ კანონი გაუქმდეს. სწორედ ეს მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში”, – განაცხადა მან.


20 მაისს ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, ის მუხლობრივად განიხილა და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მკაცრად მოუწოდა, ვინაიდან მისი გავლენა იქნება უარყოფითი მრავალი მიმართულებით.

„ქართული ოცნების“ ლიდერები კი ვენეციის კომისიას პროფესიონალიზმს უწუნებენ და სიცრუეში ადანაშაულებენ.

„ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი. უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ვკითხულობდი დოკუმენტს, იმდენად უსუსური იყო სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ. არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებითა და ტყუილებით. უამრავი სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა არგუმენტების გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.