ვენესუელის მმართველი ამბობს, რომ „ოცნებამ” არჩევნებში „სამაგალითო გამარჯვება" მოიპოვა

პუბლიკა

ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო, რომელსაც ევროკავშირი და აშშ გაყალბებული არჩევნების გამო პრეზიდენტად არ აღიარებენ, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” „სამაგალითო გამარჯვება” მოიპოვა. ამის შესახებ მადურომ თავის პროგრამა „მადურო+“-ში განაცხადა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. თუმცა წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური ხელისუფლება.

გასულ კვირას მათ საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით, სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება მოიპოვეს.

რას ამბობს შეერთებული შტატები? „მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, ვითხოვ შედეგების გადახედვას, ვითხოვ არჩევნების გამეორებას საქართველოში“. გჯერათ, რომ მსოფლიოში ადამიანებს სურთ მოექცნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიებს?“ – თქვა მადურომ.

„ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამ დროისთვის მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ მიულოცა: უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და ჩინეთმა.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.


ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციამ კი ხმების დათვლის საკუთარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

გაეროს მონაცემებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე სულ მცირე 23 მომიტინგე დაიღუპა.

ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის არჩევნების ოფიციალურად გამოქვეყნებულ შედეგებს. EU-ის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ვენესუელის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის ჩანაწერები არ გამოუქვეყნებია, მათ მიერ გავრცელებული შედეგების სანდოობა ეჭვის ქვეშ დგას.

ასევე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა.