„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი გააზრებულად დაუჭირა, რადგან ამ ყველაფერს უნდა მოჰყოლოდა თანმიმდევრული ეკონომიკურ-სოციალური მხარდასაჭერი პაკეტი. მისი თქმით, არ ელოდა, თუ ამდენი ხნის განმავლობაში უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ხელისუფლება ვერ დაეხმარებოდა. ნიკა მელიას შეფასებით, „ოცნების” ქმედებები ზედაპირულია.
„ის რაღაცა 200 კილოვატზე რომ იყო საუბარი, ვერ გავიგე ახლა 201 კილოვატს თუ დაწვავს ოჯახი, ის არ არის გაჭირვებული? ესეც მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკის დონეზე არის, კანონში ცვლილებები არ განხორციელებულა, ითქვა და კმარა?”, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი.
„აგრარული ბაზრები რომ დაიკეტა, დაახლოებით 50 000 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ბებია, რომელიც საკუთარი ხელით მოყვანილ პროდუქტს ყიდდა და ვეღარ ყიდის, შესაბამისად სახლში ვერ მიაქვს საჭმელი, ამ ადამიანებს მილიარდერის ხელისუფლება რას ეუბნება?” – ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიცია, თითქმის ერთი თვე დუმდა, რის გამოც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ პოლიტიკაზე მონოპოლია აქვს მოპოვებული – „კრიტიკა ხელისუფლებამ აღიქვა, რომ რაც შემიძლია, ვაკეთებ და რაც არ შემიძლია, თავი დამანებე, ნუ მაკრიტიკებ. ასეთი რაღაც აღარ მოხდება”, – განაცხადა მან „პოლიტიკის ფორმულის” ეთერში.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ის აკვირდება საგანგებო მდგომარეობის აღსრულების პროცესსაც და მისთვის ცხადი გახდა, რომ „ვიღაცისთვის არის საგანგებო მდგომარეობა და ვიღაცისთვის არ არის”.
„ვიღაცა ჯარიმდება 3 000 ლარით და ვიღაცა არ ჯარიმდება… ვიღაცა ჯარიმდება 15 000 ლარით სამართლიანად და ვიღაცა არ ჯარიმდება უსამართლოდ.. მე სოციალურ ქსელშიც ავტვირთე ფოტომასალა, დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი გუნდის წევრები შეიკრიბნენ და მწვადს წვავდნენ მაყალთან. სიამაყით ატვირთეს ეს ფოტოები და 2 საათში წაშალეს… ვინმემ დასაჯა? კანონის წინაშე დააჯარიმა ესენი? არა, რა თქმა უნდა.
ყველაზე ეკონომიკურად მოწყვლადი ნაწილი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვიდგენია და რაღაცა ნაწილი არ ემორჩილება წესებს და ამაზე ხმას არ იღებს ხელისუფლება. დღეს ჩვენ ვიხილეთ უამრავი ფოტო, სადაც ჩანს, როგორ არის შეკრებილი თბილისის სხვადასხვა ადგილას უამრავი ადამიანი, საბაბს არ აქვს მნიშვნელობა, ხომ იყვნენ შეკრებილნი?”, – აცხადებს მელია.
ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ სწრაფად წარმოადგინოს ეკონომიკური პაკეტი და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერაზე.
„ვერიდებით, ვეპრანჭებით რაღაცა კატეგორია ამომრჩეველს და არ ვამბობთ, რომ არ შეიძლება რელიგიური თავყრილობები, როდესაც ცუდი მაგალითები არსებობს მსოფლიოში. ჩვენ თუ ოპოზიციაში ვერიდებით ამაზე საუბარს, რაც არის დაუშვებელი და შეიძლება, ერთ კვირაში ამ ვირუსმა ფართო გავრცელება ჰპოვოს, ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, ამის თქმას გავბედავდით? უფრო ვერ გავბედავდით. როგორ შეიძლება, პურის რიგში მამა-შვილი დააჯარიმეს და ვხედავთ ასობით თბილისელს გამოსულს, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით და პოლიტიკოსები არ ვსაუბრობთ ამაზე, ოპოზიციონერები არ ვსაუბრობთ ამაზე. როცა ჩვენ არ ვსაუბრობთ, ნუ მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მაინცდამაინც მან ისაუბროს. პირველ რიგში, ყველამ გავბედოთ. შეიძლება, პოლიტიკურად მომგებიანი არ არის, რაზეც ვსაუბრობ ახლა, მაგრამ ამომრჩეველი გაიზარდა და პოპულიზმს აღარ იყიდის”, – აცხადებს ნიკა მელია.