„ვერ ააშენებენ და დავიფიცებ, თუ გნებავთ“ – ხმალაძე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე

პუბლიკა

„მათი განცხადებები იყო მოულოდნელი, არ ვეთანხმები არც იმ ნაწილში, რომ ჩვენ არ მოვინდომეთ, არ ვეთანხმები არც იმ ნაწილში, რომ ჩვენ შეთავაზება არ გავაკეთეთ, არც იმას ვეთანხმები, რომ ესენი იქ სასტუმროს ააშენებენ, ვერ ააშენებენ და დავიფიცებ, თუ გნებავთ. არც იმას ვეთანხმები, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები“, – ასე უპასუხა ვაკის პარკში სასტუმროს მშენელობაზე ინვესტორს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან შეთავაზება იყო სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე, რასაც სახელმწიფო ვერ დათმობდა. ხმალაძე აღნიშნავს, რომ მერიამ კომპანიის წარმომადგენლობას რამდენიმე ფართი შესთავაზა, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

„ერთი ფართი არ შეგვითავაზებია, რამდენიმე შევთავაზეთ და ამაზეც ახლა უარი განაცხადეს. მეც და თქვენც ვნახავთ, რას ააშენებენ. სასტუმროს არა, ალბათ, ცხრასართულიანი კორპუსის ნებართვას მივცემთ, თუ მეტის სურვილი არ ექნებათ კიდევ“, – თქვა მერის მოადგილემ.

ხმალაძის თქმით, მუნიციპალიტეტს  მიწის ფონდი საკმაოდ მწირი აქვს და დიდი არჩევანი არ არის და ისეთი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა, რომლის ღირებულებაც 6 მილიონი დოლარია, მუნიციპალიტეტისთვის არის რთული, რასაც დრო სჭირდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა შეთავაზებები ჰქონდა მერიას, ხმალაძე პასუხობს, რომ უწყებამ შესთავაზა ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარედ ტერიტორია, ასევე რამდენიმე შეთავაზება ჰქონდათ დიღმის ნაკვეთებსა და ნუცუბიძის პლატოზე.

„მიუხედავად ასეთი განცხადებისა და კამპანიური გადაწყვიტილებისა, რომ დაიწყონ სამართლებრივი პროცესები მშენებლობის ნაბართვისა, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ასეთი მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ. კიდევ ერთ წელი რომ გაგრძელდეს ჩვენი მოლაპარაკებები და კიდევ რომ ვერ შევთანხმდეთ, მაინც ვერაფერს ააშენებენ. ეს არის მთავარი. ხოლო მუნიციპალიტეტი და კომპანია როგორ დავლაგდებით ერთმანეთში, ეს მეორე საკითხია. დავლაგდებით რამენაირად“, – თქვა ხმალაძემ.

შეკითხვაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქვს თუ არა სამართლებრივად ინვესტორს უფლება, ააშენოს სასტუმრო, ხმალაძე პასუხობს, რომ სასამართლომ ინვესტორს ძალაში დაუტოვა ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთი ეტაპის აქტი, თუმცა ხმალაძე არ აკონკრეტებს, რა არის ამ აქტის შინაარსი და ეხება თუ არა ის მშენებლობის ნებართვას.

ხმალაძე აცხადებს, რომ ინვესტორს მშენებლობის ნებართვა არ აქვს.

„თუ საარბიტრაჟოზე წასვლა სურთ, წავიდნენ, ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ვინმესთვის ზარალი გვაქვს ასანაზღაურებელი. ნუ გვემუქრება ნურავინ არბიტრაჟით, რადგან ჩვენ არასდროს უსამართლო და კანონსაწინააღმედგო ნაბიჯებს არ ვდგამთ“, – განაცხადა ხმალაძემ.

დღეს სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ისინი სიტყვიერად შეთანხმდნენ მერიასთან ადგილმონაცველობაზე, ერთი წელი უშედეგოდ გავიდა.

„თუ სახელმწიფოს არ უნდა, რომ გაგვიცვალოს [ადგილი] ან იყიდოს, ჩვენ მით უმეტეს არ გვაქვს სურვილი, რომ რამე გავყიდოთ ან გავცვალოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენივე ტერიტორიაზე გავაგრძელოთ მშენებლობა“, – განაცხადა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა, გოგა ზაქაიძემ „პუბლიკასთან“.


ერთი წლის წინ, 2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ: „ვაკის პარკმა გაიმარჯვა და ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება“.

მანამდე კი უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ. 

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

„თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა”, – წერდა „მწვანე ალტერნატივა”.