„ვერ დაამსგავსებთ მოსკოვსა და მინსკს თბილისს“ - ოპოზიციის მხარდამჭერების მსვლელობა დაიწყო

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა „ავლაბრის“ მეტროდან მსვლელობა დაიწყეს. ისინი გეგმავენ,  აქციებით გადაკეტონ საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

„დავიწყებთ მსვლელობას, რომლის კონსტიტუციური უფლებაც გვაქვს. კობახიძე, ივანიშვილო, იმ რუს ჩინოვნიკებსაც მივმართავ, რომლებიც უკვე მექანიკურად გმართავენ, ამ ყველაფრის უფლება გვაქვს და ვერ დაამსგავსებთ ვერც მოსკოვს და ვერც დღევანდელ მინსკს თბილისს და საქართველოს, რაც არ უნდა განცხადებები ავრცელოთ“, – განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და შეკრებილებს მსვლელობის დაწყებისკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიცია მყისიერად აღკვეთს და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება: „ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს“.