ვერ დავრჩებით ასეთ იზოლაციაში, გვეყოლება ალბათ ერთეული ლეტალური შემთხვევებიც - ცერცვაძე

პუბლიკა

„იქნება მატება, როგორც დადასტურებული შემთხვევების, ისე, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავრჩებით ასეთ იზოლაციაში, ასეთ კარგ იზოლაციაში, რომ არც ერთი გარდაცვლილი არ გვყავს. ასე, სამწუხაროდ, ვერ დავრჩებით. გვეყოლება, ალბათ, ერთეული ლეტალური შემთხვევებიც“, – განუცხადა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

„ჩემი რწმენაა და შეიძლება, სურვილი, როცა პიკი იქნება და როცა შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, ევროპის ქვეყნებთან, სადაც ეს პიკია, კატასტროფული სიტუაციააა, იმ დონეს არ მივაღწევთ. ჩვენ ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით ამას. იქ თუ პიკი იყო ათასები, ჩვენთან პიკი იქნება ასეულები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი.