„ვერ ეღირსებიან“ - თურნავა ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნაზე

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. ჟურნალისტების შეკითხვზე, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის გადაგომის საკითხი 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, თურნავა პასუხობს:

„რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ. ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები.., შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადოება ამას ხედავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიაში და სხვადასხვა არამართლზომიერ ქმედებაში დაისაჯოს სათანადოდ.

მე ვიცი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, ბევრს ალბათ, ძალიან სურს, რომ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება – მთავრობა გადაგეს, იყოს ქაოსი, იყოს არეულობა, იყოს დესტრუქცია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება“, – განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტის შეკითხვას, ვისი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი ვერ დაიცვეს, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს:

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ჩვენ დავგმეთ ძალადობა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თქვენც ამის ნაწილი, მონაწილე ხართ. შეიძლება, დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას იმიტომ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება“, – განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტის კიდევ ერთ შეკითხვაზე, შიდა საუბრებში მაინც თუ არის უხერხულობის განცდა 5-6 ივლისის მოვლენების გამო და ვინმე თუ გრძნობს თავს უხერხულად, თუნდაც პრემიერი, ნათია თურნავა კითხვითვე პასუხობს:

„თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ? არ გრძნობთ?“, – მიმართა თურნავამ ჟურნალისტებს.


5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობრივი თავდასხმების გამო არ შედგა.

მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.