„ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას“ - კობახიძე ოპოზიციას და NGO-ების ლიდერებს ემუქრება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ“.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „ძალადობრივ ღონისძიებებს“ მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებსაც ასევე ემუქრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.

„ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი ენჯეოების ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის, სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი ენჯეოების მიერ.

რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული მდიდარი ენჯეოებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა დასავლეთიც. მისი თქმით, ახლა არის კრიტიკული პერიოდი, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ხელში აღებამდე და მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ტრამპს „რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა“ დაუტოვოს.

„რევოლუციისთვის მზადებას“ ირაკლი კობახიძე იმითაც ხსნის, რომ მისი მტკიცებით, გარკვეული სუბიექტები პიროტექნიკას აგროვებდნენ.

„არცერთი ხელისუფლება არ აკეთებდა განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა. არ კეთდებოდა განცხადებები და ამ ფონზე რადიკალური ოპოზიცია თბილისში აწყობდა პერმანენტულ აქციებს, კეტავდა ქუჩებს და შანტაჟი გრძელდებოდა.

…ეს რესურსი მზადდებოდა, ეს პიროტექნიკა ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ ამ ადამიანებს, ეს საშუალებები ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ, ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.