„ვერ მოახერხეს ქაბულის აეროპორტამდე მისვლა და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გაფრინდა“ - ხვთისიაშვილი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ქაბულში არსებული მძიმე ვითარების გამო აეროპორტში ვერ მივიდნენ, ამიტომ უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა. ხვთისიაშვილის განცხადებით, მოქალაქეების წამოსაყვანად საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაც იგეგმება.

„2 საათისთვის ჩვენ უკვე უზრუნველყოფილი გვქონდა რეისი ქაბულის აეროპორტიდან. შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როცა რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი გამოფრინდა მათ გარეშე, ამასთან ერთად ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. სამწუხაროდ, მათ ღამის განმავლობაში ვერ მოახერხეს აეროპორტში მისვლა, რადგან მდგომარეობა იყო დაძაბული ქაბულში. ამიტომ არჩიეს, რომ დარჩენილიყვნენ ბაზაზე, ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თუ დაგვიდასტურებენ, რომ მათ ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანენ ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია და უახლოეს მომავალში, იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ავღანეთში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება, ისინი ყოფილი სამხედროები და კერძო კონტრაქტორები არიან. 17 მათგან კანადურ, ხოლო 6 მათგანი ამერიკულ კომპანიაშია დასაქმებული.

„ამასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა გაგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს მუშაობა ნებართვებთან დაკავშირებით და ჩვენი თვითმფრინავიც ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.