დღეს, 13 დეკემბერს ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების დახურული, საკონულტაციო შეხვედრა დასრულდა. პარტიების წარომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, ამიტომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.
სახალხო დაცმველობის კანდიდატების შესახებ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მომდევნო შეხვედრა პარასკევს, 16 დეკემბერს გაიმართება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაზე უფრო ნათელი გახდება, რომელი კანდიდატზე შეძლებენ მხარეები შეთანხმებას.
„კონკრეტულ კანდიდატებზე ვისაუბრეთ სათითაოდ ძალიან ბევრი, პლუს-მინუსებით და გვქონდა ჩვენ-ჩვენი პოზიციები, თუმცა ამ პოზიციების გარეთ გამოტანა დღეს, ვფიქრობ, რომ პროცესს დააზიანებს, ამ აზრში გვეთანხმებიან ჩვენი ოპონენტებიც და შევთანხმდით, რომ პარასკევს უფრო ნათელი გავხადოთ ვისთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ორივე მხრიდან კომპრომისული ვერსია და ამით მიღწეულ იქნას კონსენსუსი“, – მამუკა მდინარაძე.
ის, რომ პარტიები სახალხო დამცველობის კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, დაადასტურა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმაც.
„კანდიდატის სტატუსის მისაღებად სახალხო დამცველობის კანდიდატი და სწორი და ნორმალური პროცესი არის ერთ-ერთი, რის საფუძველზეც იქნება მიღებული გადაწყვეტილება – მივიღებთ თუ ვერ მივიღებთ სტატუსს. ამიტომ ჩვენ განწყობილი ვართ შეთანხმებისთვის და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ამ კონსულტაციებში. ამ შეხვედრის შედეგად ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება არ არის, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ გვექნება შეხვედრა და გავაგრძელებთ პროცესს იმისთვის, რომ მოიძებნოს კონსენსუსური ნაბიჯი ამ პროცესში,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძემაც ყურადღება კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება. დეკანოიძემ სხვა პოლიტიკოსების მსგავსად კონკრეტულ კანდიდატებზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრა.
„ის შეთანხმება, რომელსაც ელოდებოდა საზოგადოება, ამ წუთას არ მომხდარა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
„გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყველა პარტიამ გამოხატა პოზიცია თითოეული კანდიდატის შესახებ.
„ყველა პარტიის პოზიცია ყველა კანდიდატის მიმართ იყო დაფიქსირებული, უბრალოდ ამ დისკუსიის შედეგად არ გამოიკვეთა ის სვრცე, სადაც შეიძლება ეს კომპრომისი შედგეს, მაგრამ რადგან არავის არ გვინდა ჩაგდება, შევთანხმდით, რომ კიდევ ვისაუბრებთ, დავბრუნდებით პარტიებში, გავაცნობთ პოზიციას და იქნებ ვინმემ რაღაც პოზიცია შეცვალოს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.