„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფლებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერავითარი მითითების მიცემას, ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი თავის უფლებამოსილების განხორციელებაში, მათ შორის შეწყალების ნაწილში, და როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა ჩვენგან პრეზიდენტისთვის დავალების მიცემას, ეს იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო, თუ რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ხელისუფლების დანაწილება”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის იწყალებს ოპოზიური პარტიების წევრებს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს.