საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უპასუხა შეკითხვას, ვინ გაიმარჯვებს უკრაინა-რუსეთის ომში.
„გუშინ ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს ამ ომში. ეთანხმებით? როგორ ფიქრობთ, გამარჯვებული ამ ომიდან არავინ იქნება?“ – ჰკითხეს ღარიბაშვილს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის 20% უკვე ოკუპირებულია და ომის მალე დასრულებას არავინ ელოდება. მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სამშვიდობო საუბრის გასამართად სათანადო ზომებს არ იღებს.
„ძალიან რთული დროა, ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება.
მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი.
შეკითხვაზე რომ გიპასუხოთ, გეტყვით შემდეგს, შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მე მგონი არც არავინ იცის“, – თქვა მან.
შეკითხვაზე, უკვირს თუ არა მას, რომ „უკრაინამ ამდენ ხანს გაუძლო“, – ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველას უკვირს.
„მე მგონი, ყველას უკვირს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი დასრულდება მალე. ეს არის პრობლემა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის აზრით, ეს ნაბიჯი ყველა მხარემ უნდა გადადგას.