„ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა“ – გომელაური საგარეჯოში მომხდარის დეტალებზე საუბრობს

პუბლიკა

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შემდეგ შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადგილზე ჩავიდა და სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, ერთი არის ჩვენი თანამშრომელი, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი, ერთ-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება, ექიმები ჯერჯერობით ვერ გვეუბნებიან, გადარჩება თუ ვერ გადარჩება, არტერია აქვს დაზიანებული…

ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა. მოქალაქემ, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა სახლიდან… მისი შვილი იმყოფებოდა სახლში, სრულწლოვანია ის ბიჭი… დაიწყო აივნის ჯერ ერთი მხრიდან სროლა, შემდეგ მეორე მხრიდან, ამ ბავშვმა დატოვა მერე სახლი.

მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, გადაყვანის დროს, საავადმყოფოში დაიღუპა ჩვენი თანამშრომელი…

მოქმედი სამხედროა, ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს, 2006 წლიდან მუშაობდა, 2021 წელს არის წამოსული. ესაა პირველადი ინფორმაცია, დაზუსტებით ვერ გეტყვით. რაც გვითხრეს, ეს არის, რომ 2021 წამოვიდა სამხედრო სამსახურიდან, ავღანეთშიც ნამყოფია. რა მოხდა, არავინ არ იცის, ჯერჯერობით.

…როდესაც ჩავიდა სპეცდანიშნულების რაზმი, მოუწოდეს, გაისროლა კიდევ რამდენჯერმე. გასროლის ხმა იყო რომ შევიდნენ, საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდით ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა, თავიდან სისხლი მოსდიოდა, იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები, რამდენიმე ცალი…

შვილი ვერაფერს ვერ გვეუბნება. რომ გამოვიქეცი სახლიდან, წინა მხარეს უკვე გვამები იყოო”, – განაცხადა გომელაურმა.

გომელაური მოტივთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერაფერს ამბობს – „ჯერჯერობით არ ვიცით“.  მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და იკითხებიან შესაბამისი პირები.