ვერაფერი მოხდებოდა ამაზე სამარცხვნო გასაბჭოებიდან 100 წლისთავზე - ომბუდსმენი მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ლომჯარიას თქმით, ეს იყო ყველაზე სამარცხვინო ფაქტი, რაც შეიძლებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავზე მომხდარიყო და მაშინდელის მსგავსად ქვეყანას ახლაც ემუქრება დასავლური სამყაროსგან გაუცხოება.

„არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი…

საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა“, – წერს ომბუდსმენი.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.