„ვერაფერზე შევთანხმდით“ - ხმალაძე „სასტუმრო ბუდაპეშტის“ ინვესტორთან შეხვედრაზე

პუბლიკა

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „სასტუმრო ბუდაპეშტის“ საკითხის გადაჭრის ოპტიმალური გზაა, მესაკუთრემ მიიღოს მუნიციპალიტეტის შეთავაზება მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ მესაკუთრეს შორის  შეხვედრა გაიმართა.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკის ტერიტროიაზე ტექნიკის შეყვანა უკანონოა და ეს არ შეიძლება განმეორდეს; მერიამ მესაკუთრეს კიდევ ერთხელ შესთავაზა ადგილმონაცვლეობა. ხმალაძის განმარტებით, მიუღებელია, ინვესტორის მიერ მერიისთვის რესტორნის აშენების შეთავაზება, თუ მას სასტუმროს პარამეტრები ექნება.

„დღევანდელ შეხვედრაზე რაც მათ გააჟღერეს, იყო ის, რომ ააშენებენ რესტორანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს? ჩვენთვის ეს მიუღებელია. ორი წლის წინ, როდესაც ჩვენ მათთან მოლაპარაკება დავიწყეთ,  საუბარი იყო რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენაზე, რომელიც ათეული წლები იდგა ვაკის პარკში და არა სასტუმროს პარამეტრებით რაღაც უზარმაზარი ნაგებობის განთავსებაზე. ჩვენთვის ნაგებობის ფუნქციას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რა ინტენსივობის მშენებლობაზეა საუბარი“, – განაცხადა მან.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ისინი დღევანდელ შეხვედრაზე ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში მივედით იქამდე, რომ ერთადერთი სწორი ვარიანტია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, მათივე პოზიციებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ შეხვედრაზე აბსოლუტურად ვერაფერზე შევთანხმდით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ დასხდებიან პარტნიორები და ისაუბრებენ“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ინვესტორი საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მიიღებს და ადგილმონაცვლეობას დასთანხმდება.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ დაგვერწმუნებინა ინვესტორები, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების თვალსაზრისით, არის ის, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმის მიზეზი, რომ ისინი არ თანხმდებიან ადგილმონაცვლეობას, არის ის, რომ აქ სასტუმროს აშენების  იმედი აქვთ.  ადრე თუ გვიან, მივალთ იქამდე, რომ ისინი დარწმუნდებიან, რომ ვერც ისეთი ქმედებით, როგორსაც დღეს დილით მიმართეს და ვერც ვერანაირად ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ. საბოლოო ჯამში მივალთ ადგილმონაცვლეობასთან“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის მსურველმა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, გიორგი ზაქაიძემ დღეს ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყო. კომპანიის მძიმე ტექნიკა პარკში დღეს დილით გამოჩნდა.

ინვესტორის, გოგა ზაქაიძის განცხადებით, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მერიასთან შეხვედრები ჰქონდა, მაგრამ ღირებული ან ადეკვატური შეთავაზება ვერ მიიღო.


2013 წლის 24 ივლისს თბილისის მერის, გიგი უგულავას განკარგულებით, ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.

ასევე, 2013 წლის 20 სექტემბერს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასცა. თუმცა მშენებლობის ნებართვას ვადა 2016 წლის 21 სექტემბრამდე ჰქონდა.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვის გაცემას წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, მოსახლეობა. პერმანენტული აქციებისა და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შემდეგში მიუხედავად კომპანიის მოთხოვნისა, მათ მშენებლობის ნებართვას ვადა არ გაუგრძელდათ.

მანამდე კი უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის“ საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

„თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც . თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცა.

ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა“, – წერდა „მწვანე ალტერნატივა”.

2 წლის წინ, 2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ: „ვაკის პარკმა გაიმარჯვა და ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება“. თბილისის მერის კახა კალაძის მაშინდელი განცხადების თანახმად, ინვესტორთან შეთანხმება შედგა. მისი თქმით, ისინი ადგილმონაცვლეობის საკითხზე შეთანხმდნენ.

ამ განცხადებიდან 1 წლის შემდეგ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელმა ინვესტორმა, გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ სურს ტერიტორიის გაცვლა, ან ყიდვა. მისი თქმით, თუ მერია არ იმოქმედებს, მაშინ ისინი საკუთარ ტერიტორიაზე მშენებლობას დაიწყებენ.

აღსანიშნავის, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ვაკის პარკში აღნიშნულ პროექტზე მშენებლობის ნებართვას ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა.