„გულწრფელი რომ ვიყო, ვერაფრით ვხსნი და ვერ წარმომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და ნიკა მელიას მოადგილეობა უნდოდეს. ნიკა მელიას მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ეს ჩემნაირი ადამიანისთვის წარმოუდგენელია”, – განაცხადა „გირჩის”დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ბევრად უფრო ამბიციური უნდა იყოს, პოლიტიკამდე მისი წარმატებული კარიერიდან გამომდინარე.
„რა არის კოალიციური მთავრობის შექმნა, ამას გავიგებთ არჩევნების მეორე ტურის დღეს. დღევანდელი სიტუაცია გვაჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ რაღაცის გარშემო და ამას კოალიციას და რაღაც ასეთს ეძახიან. სინამდვილეში, ბევრი ადამიანისთვის გასაგებია, რომ ეს არჩევნები არის მიშასა და ბიძინას არჩევნები. შესაბამისად, ახლა გამოვიდა ისე, რომ მიშას გარშემო გაერთიანებულია მთელი ოპოზიციური სპექტრი და ეს ისევ კლასიკური თამაშია, რაც 2012 წელს იყო – მიშა VS ბიძინა. არ ვიცი, ეს გაამართლებს თუ არა, მაგრამ ამ თამაშის იმედი არ მაქვს, რადგან ქართველი ხალხი გაბრაზებულია სააკაშვილზე სრულიად სამართლიანად.
სააკაშვილს ამ სიბრაზის გასაქარწყებლად არაფერი გაუკეთებია და პირობა არ დაუდია, რომ გამოსწორდებოდა, ეს არავის სჯერა. აქამდე ეს თამაში ყოველთვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ სრულდებოდა. მგონია, რომ ახლაც იგივე იდეა დევს კოალიციაში. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ მთელი ოპოზიციის გაერთიანება აწყობდა, მათ დასამარცხებლად. თუ ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, შემდეგი ნაბიჯი რა არის? შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე წავა საუბარი, მაგრამ ეს თუ ვერ დადასტურდა, შემდეგი ნაბიჯი რა არის, ეს ხომ ობიექტურად საინტერესოა?“, – განაცხადა ხვიჩიამ.