ვერავის დავაძალებ, ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში - ხვიჩია ვაშაძეზე

პუბლიკა

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია „სტრატეგია ღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებებს პასუხობს.

ხვიჩიას განცხადებით, ადრე მათი პოზიცია ვაშაძისთვის მიუღებელი არ ყოფილა და არ იცის, ახლა რა შეიცვალა.

„ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“, – განაცხადა იაგო  ხვიჩიამ.


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც საქართველოში გუშინ, 17 იანვარს დაბრუნდა, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ კონსულტაციასა და ინიციატივებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

ალეკო ელისაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი პარტია მოლაპარაკების გაგრძელებას სწორედ გიორგი ვაშაძესთან, შემდეგ კი „ლელოსა“ და სხვა პარტიებთან გეგმავს.

„ფორმულას“ ეთერში გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციას „ოცნებასთან“ მოლაპარაკების პროცესში უჩნდება, ოპოზიციისთვისვეა დამაზიანებელი. მისი თქმით, ნებისმიერ იდეაზე მსჯელობა უშედეგოა, თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს რამე ნაბიჯს და არ დააფიქსირებს პოზიციას, მან პროცესს „წყლის ნაყვაც“ კი უწოდა.