ვერავითარი სანქციის ქვეშ ივანიშვილს ვერ აიძულებენ ხელი მოაწეროს ქვეყნის განადგურებას - კობახიძე

პუბლიკა

ვერავითარი სანქციის, შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის მხრიდან მმართველი გუნდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას. მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები უკვე დიდი ხანია მოქმედებს. ეს არის დე-ფაქტო სანქციები, რომელიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და როგორც მან აღნიშნა, პირდაპირი იყო მინიშნება ამასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ არის მოთხოვნა და ის არ შეასრულებს არც ერთ შემთხვევაში ისეთ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციის, შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას.“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი პირდაპირ მოითხოვს საქართველოში მეორე ფრონტს და ამის მისაღწევად, შანტაჟის ინსტრუმენტის ამოქმედებას ცდილობენ.

„როცა ერთი მხრივ, ითხოვ მეორე ფრონტს და მეორე მხრივ, ითხოვ სანქციებს, აქ ძალიან ნათლად ჩანს, რა არის მათი ინტერესი. მათ სურთ დაშანტაჟება მეორე ფრონტის სანაცვლოდ,“ – განაცხადა კობახიძემ.