ვერც გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი გვეყოლება - სარჯველაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ასარჩევად საუკეთესო მოდელისთვის პოზიციების შეჯერება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან „პირველ არხს“ განუცხადა.

მისი თქმით,  პოლიტიკური კონსულტაციები უნდა იყოს შედეგიანი.

„ვერც გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ, რომ კანდიდატი გვეყოლება. პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს, რა იქნება საუკეთესო მოდელი. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელის შემშლელი ფაქტორები არ გვქონდეს, რაც ოპოზიციის მხრიდან კომპრომისის დაშვების შეუძლებლობას გულისხმობდა. რაღაც ეტაპზე გაჩნდა ულტიმატუმი და სამწუხაროდ, ამის მძევალი აღმოჩნდა ულტიმატუმის გამხმოვანებელი მხარე. არგუმენტების გამო მათ მიერ დასახელებული კანდიდატები მიუკერძოებლები ვერ იქნებოდნენ.

წინა მცდელობა შედეგიანი არ იყო და ოპოზიციაც ასეთი ულტიმატუმების დაყენებისას წინდახედული იქნება, რადგან აშკარად იგრძნობოდა, რომ ბევრ ოპოზიციონერს ხელი შეეშალა გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან უხეში ულტიმატუმები ჰქონდათ დაყენებული. სახალხო დამცველის შერჩევისას ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. გვჭირდება კვალიფიციური კადრი, ღირებულებების მწყობრი სისტემით. მიუკერძოებლობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რაც პოლიტიკურ მიუკერძოებლობას გულისხმობს“, – განაცხადა სარჯველაძემ „პირველ არხთან“.

2022 წლის 22 დეკემბერს პარლამენტმა სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატი ჩააგდო. მიზეზი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება გახდა, მხარი არ დაეჭირათ წარმოდგენილი კანდიდატებისთვის.