ვერც მივხვდი, რა შეიძლება ყოფილიყო გამოკითხვის მიზანი, რადგან ეს ჟურნალისტურ ინტერვიუს უფრო ჰგავდა - მიქელაძე

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ „TV პირველის“ ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მისი გამოკითხვის შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ყველას, ვინც სუს-ში „ეთნიკური შუღლის“ საქმეზე მოწმის სახით იბარებენ, გაუთქმელობის ხელშეკრულება აქვს დადებული.

გაუთქმელობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თამთა მიქელაძემ ზოგადად ისაუბრა, რას შეეხებოდა მის მიმართ შეკითხვები.

„გამოკითხვა არსებითად უკავშირდებოდა იმ საჯარო პოზიციებსა და შეფასებებს, რაც ამ ძეგლისა [ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი] და მის გარშემო მიმდინარე საჯარო დისკუსიებში გამოგვითქვამს. ვერც მივხვდი, რა შეიძლება ყოფილიყო გამოკითხვის მიზანი, რადგან ეს ჟურნალისტურ ინტერვიუს უფრო ჰგავდა, ცალკეული საკითხების დასაბუთებითა და ახსნა-განმარტებით. მართლა ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება მოინდომოს სუს-მა ამ პროცესის ასე ორგანიზება.

ის, რაც ამ პროცესში ყველაზე მეტად მადარდებს – მე არ მაქვს გამოკითხვის პრობლემა, თუმცა ჩემთვის პრობლემაა, როცა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების გამოკითხვისას, ძირითადად (რასაც მათი განმარტებები აჩვენებს), გამოკითხვა შეეხებოდა მათ კრიტიკულ მოსაზრებებს, გამოხატვის თავისუფლების სფეროს, რაც ბუნებრივია, რომ სწორედ აქტივისტური საქმიანობისა და განცხადებების შემოწმებისა და გამოძიების საგნად ქცევის ნიშნებს შეიცავს.

თუნდაც მე – ამ ფაქტთან პირდაპირი და უშუალო, ფაქტობრივი გარემოება არ მქონია, რაც გამოძიებისთვის შეიძლება საინტერესო ყოფილიყო. იყო ჩემი მოსაზრებები, ის, რაც საჯაროა – EMC-ის განცხადებები იქნება თი მედიაკომენტარები.

საჯარო განცხადებას, რაც სუს-მა გააკეთა, შეიძლება გვერდითი, გამყინავი ეფექტი ჰქონოდა აქტივისტების გამოხატვაზე, კრიტიკულ პოზიციაზე და ეს იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანულ თემში უნიკალურ ისტორიულ პროცესს ვხედავთ, როდესაც ისინი ცდილობენ, საკუთარი უკმაყოფილობები გამოთქვან და საჭიროებები დღის წესრიგში დააყენონ”, – აცხადებს მიქელაძე.

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ გამოკითხვის პროცესი დელიკატურად წარიმართა და EMC-ს ამ პროცესთან პრეტენზია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ, ზოგადად, გამოძიების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, რადგან ფაქტები, რომლებიც საჯაროდაა ცნობილი, დანაშაულის ნიშნებზე არ მიუთითებს.

EMC-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხელისუფლება თუნდაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს არასწორად მიუდგა, რადგან საკითხი პოლიტიკური გზით, მათ შორის, საზოგადოებასთან დისკუსიით უნდა გადაწყვეტილიყო. გარდა ამისა, მიქელაძის თქმით, თავისუფლების ქარტია მიუთითებს, რომ სუს-ს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია – კომისია, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობის საკითხზე იმუშავებს.

მიქელაძე იხსენებს დავით გარეჯის პრობლემებზე, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხებზე ულტრაკონსერვატიული ჯგუფების, მათ შორის, „ქართული მარშის” „აგრესიულ მობილიზებას“, რასაც „მკვეთრად შოვინისტური, ეთნოცენტრისტული ენის“ გამოყენებას უწოდებს და ამბობს, რომ არც ერთი კითხვა არ დასმულა იმ ზიანსა და სტრესზე, რომელიც ამგვარი ჯგუფების საქმიანობის გამო კონკრეტულმა აქტივისტებმა მიიღეს. „ინდივიდუალური გადაკიდებისა და შევიწროების ფაქტებიც ჩანდა ერთ-ერთი აქტივისტის მიმართ“, – ამბობს მიქელაძე და გამოძიებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ სუს-მა ორივე მხარე თანასწორი სტატუსით გამოკითხა.

„ამ ჯგუფების მიმართ ისედაც წლების განმავლობაში ჩანს სამართლებრივი პრივილეგირება. მაშინაც კი, როცა კონკრეტული ძალადობისკენ მოუწოდებდნენ, მათ ლიდერებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ,  მეტიც, რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ „მარში“ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს დღის წესრიგზე – შოვინიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის… პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და რეალური სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების გადატანას და მათ მიმართ ეს სამართლებრივი ლოიალობა გარკვეულ კითხვებს აჩენს“, – ამბობს მიქელაძე და ხაზს უსვამს, რომ ის საუბრობს ამ ჯგუფების ლიდერებზე, რომელთაც კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები და ფინანსური რესურსები აქვთ.

თამთა მიქელაძის განცხადებით, საკანონმდებლო რეგულირებით, თანასწორუფლებიანობასთან, რასიზმთან დაკავშირებული საქმეების  გამოძიების განსჯადობა აქვს სუს-ს და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც, მისივე შეფასებით, აჩვენებს, რომ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები უსაფრთხოების პრიზმიდან არის დანახული სახელმწიფოს მხრიდან და გაუმჭვირვალეა გამოძიებები უსაფრთხოების სამსახურში, რადგან გაუთქმელობის ხელშეკრულებას თვითნებურად იყენებენ.

რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაწყებული გამოძიება

30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა  ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკს.

3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სუს-მა მოწმის სახით გამოკითხვაზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დათო ქაცარავა დაიბარა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ქაცარავს დავით გარეჯთან დაკავშირებით იბარებდნენ, თუმცა, გაუთქმელობის მოთხოვნის გამო მან გამოკითხვის დეტალებზე საუბარი ვერ შეძლო.

„მარნეულის რადიოს“ ინფორმაციით, 3 ივნისს გამოიკითხა მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა. 4 ივნისს გამოიკითხა ასევე მარნეულელი ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი, ელვირ ჰასანოღლუ. როგორც თავად ამბობს, მისი დაბარების მიზეზი, 2018 წელს ნარიმან ნარიმანოვთან დაკავშირებთ პოსტის გაზიარება გახდა.

8 ივნისს უწყებაში იმყოფებოდა მარნეულში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯეირათის“ თავმჯდომარე, ზუმრუდ ყურბანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე გამოკითხავდნენ. „მარნეულის რადიოს“ ინფორმაციით, იმავე დღეს უნდა გამოეკითხათ პარტია „ახალი საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფუად გახრამანოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვი, რომელიც ვარაუდობდა, რომ მისი დაბარების მიზანი შეიძლება მის სამოქალაქო და რელიგიურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.


2020 წლის 25 მაისს გავრცელდა მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის ქადაგების კადრები, რომელშიც იგი მარნეულში, ქალაქის ცენტრში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს საბჭოთა სიმბოლოს მფარველობაში.