„არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა“, – ასე შეაფასა ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, პროცესს, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ვხედავთ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია.
„ყველამ კარგად იცის, რომ თავიდან სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამაჯურის გაკეთება შეზღუდვებით, მელია ამ ფორმით უნდა დალოდებოდა მთავარ სასამართლოს, სადაც შტურმში მისი მონაწილეობა განიხილებოდა. შესთავაზეს გირაოს გადახდა და სამაჯურის გაკეთება, მეტი არაფერი არ იყო შეთავაზება, ვფიქრობ რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს. რეალურად ერთადერთი, რაც სასამართლოს სხდომებამდე მოეთხოვებოდა, მიუხედავად ამ პოლიტიკური აქტივობისა, გააფთრებული ბრძოლისა, სამაჯურის თემა იყო. ერთადერთი პირობა იყო, რომ უნდა შეესრულებინა.
როცა ასეთ ვითარებაში საზოგადოების წინ, დემონსტრაციულად ამბობ, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ „მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთი ღონისძიება“. ამის მიუხედავად კვლავ მოითხოვეს გირაოს გაზრდილი ოდენობით გადახდა. არც ამ თემაზე წამოვიდა. გიჩნდება ეჭვი, რომ ეს გამიზნულიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ როგორმე პარტია, რომელმაც არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია, წარმატებას ვერ მიაღწია იმ პოლიტიკაში, რასაც გაყალბების თავზე მოხვვევა ჰქვია, რომელიც უარს ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს მისი მუშაობა, აქედან გამომდინარე სხვა არაფერი გრჩება პასუხად, რომ ეს არის რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი ნაწილი“, – განაცხადა ვოლსკიმ