პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ისინი თანამშრომლობაზე ესაუბრებიან „სტრატეგია აღმაშენებელს“ და აპირებენ „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნას.
„ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას. გამიხარდებოდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ჩვენ ღია ვართ, ან თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილისა და რუსული პარტიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რამდენიმე დღეა, საუბარია მედიაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო თანამშრომლობასა და საერთო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით. ორივე პარტიაში ადასტურებენ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ჯერ ვერაფერს ამბობენ.