ვეწინააღმდეგები პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემას, ის უნდა იყოს საჯარო – ბულვარის დირექტორი

პუბლიკა

„მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის. ბულვარი არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის და უნდა იყოს მისაწვდომი“, – განაცხადა „ბულვარის“ დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ.

„მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის. პრაქტიკიდან გამომდინარე, არც ერთმა არ მოგვიტანა შედეგი. შუა ძეგლში აუზია შემოღობილი. მაგ: „ივერია ბიჩი“, ასევე უნდა „ალიანსს“ „მერიოტისთვის“. ხვალ ჩვენ, ვინც აქ ვართ, ვერ შევალთ პლაჟზე, თუ არ გადავიხდით 50 ან 100 ლარს“, – თქვა მან.

ბულვარის დირექტორის თქმით, პლაჟების გასხვისების ფუფუნება არ არსებობს, რადგან სანაპირო არის პატარა. მისი თქმით, ასეთი საკითხები გენერალურ გეგმის დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„ბულვარი არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის და უნდა იყოს მისაწვდომი. მე სხვა არაფერი არ მითქვამს, არავის არ ვეწინააღმდეგები. მე როგორც ბულვარის დირექტორმა დავაფიქსირე. ჩემი ვალდებულება იყო. სულ რაღაც, 10 დღეში შემოვა უკვე განაშენიანების გენერალური გეგმის დოკუმენტი და დაველოდოთ ამ დოკუმენტს. ვნახოთ, რა იქნება დაკუმენტში. იქნება კერძო პლაჟები, თუ იქნება ყველასთვის. არ გვაქვს ჩვენ ამის ფუფუნება. არის ძალიან პატარა სანაპირო. ბათუმის პლაჟი უნდა იყოს ყველასთვის. ბათუმის პლაჟით სარგებლობს ყველა, როგორც ბათუმელი, ისე გურული, ისე იმერელი, თბილისელი, კახელი და არ ჰყოფნით“, – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ბათუმის მერიაში დღეს დილიდან ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. აქტივისტები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

საკრებულოს სხდომაზე უნდა განხილულიყო სასტუმრო „ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის გასწვრივ 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი. თუმცა ხმაურისა და პროტესტის შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

ბათუმის მერიაში შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს ერთი პირი. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს,  ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.