ვფიქრობ, რესურსი არსებობს მოლაპარაკების გასაგრძელებლად – კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების V რაუნდის წინ პოზიციების დაახლოების საკითხში პროგრესი იყო, თუმცა, კობახიძის თქმით, ერთი დღით ადრე ოპოზიციამ სცადა „მაგიდის აყირავება“.

კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანი პარლამენტის პირველ სხდომამდე მოლაპარაკების ჩაშლა იყო.

„ამას, სამწუხაროდ, მიაღწიეს, თუმცა ვფიქრობ, რომ რესურსი არსებობს მოლაპარაკების გასაგრძელებლად.

პირდაპირ მისწერეს მათ ელჩებს, რომ არ უნდოდათ მეორე დღეს მოლაპარაკებებზე მოსვლა;

ისინი თავიანთ მოთხოვნას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აფუძნებდნენ არჩევნების გაყალბების მტკიცებაზე.

ამ დროს ჩვენ გამოვდივართ და ბრიფინგზე ვაცხადებთ რას, რომ გადათვალონ ნებისმიერი ფორმით საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მონაცემები და თუ მინიმალური გადახრაც კი დაფიქსირდება, მაშინვე ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს – რაც იყო მათი მთავარი მოთხოვნა, რაც ეფუძნებოდა გაყალბების მტკიცებას; ამის მერე კიდევ რომ მაგიდას აყირავებ, ბუნებრივია, ეს არის საბაბი“, – აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ელჩების მიმართ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მსოფლიო მასშტაბით“ ჭრიან ისინი თავს ქვეყანას, როცა ამბობენ, რომ „ტყვეებით ვაჭრობენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები“.

„ტყვეებით ვაჭრობაში“ იგულისმება მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი – „პოლიტპატიმრები”, რაზეც კობახიძე აცხადებს, რომ ეს საკითხი ოპოზიციის ინიცირებულია და ელჩებს აბრალებენ, თითქოს მათი შემოტანილია ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან.

„ამ საკითხის შემოტანაც არის მათი მხრიდან სამარცხვინო; როდესაც შენ გაქვს გაყიდული დავით გარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოქლო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ასეთს და მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის თავის მოჭრა და სამარცხვინო და მერე ამას რომ აბრალებ მეგობარ ელჩებს; ასეთი ოპოზიციის ადგილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის პარლამენტში“, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკების მომდევნო რაუნდისთვის, რომელზეც შეეცდებიან, დაარწმუნონ „ჯანსაღი პოლიტიკური ძალები“ იმოქმედონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, თუ ქვეყნის ინტერესსა და „გვარამია-ბოკერიას შანტაჟსა და ბულინგს“ შორის ზღვარს გაავლებენ კონკრეტული პარტიები, იმედი აქვს, რომ მათ პარლამენტში იხილავს.