ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება - ყიფშიძე სააკაშვილის მკურნალობაზე

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის ჰოსპიტალი ოცტა ხნის წინ დატოვა. სააკაშვილის მონახულების შემდეგ მან მედიას ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო.

ექიმის განცხადებით, სააკაშვილს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ხშირად მონაცვლე არტერიული წნევა. მისი ინფორმაციით, ჭამა განახლდა წარმატებით და პირველმა დღემ ნორმალურად ჩაიარა.

„როგორც მოგეხსენებათ, ასეთ ავადმყოფებს აქვთ პოსტრავმატიული სინდრომი, რომელიც გარკვეულ, ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ, მთხოვა, დავუკავშირდე ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს. ეს არის ალტერნატიული კომისია, რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი, მოვიდეს რამდენიმე დღის განამვლობაში, რომ გაიარონ ეს სიტუაცია. მე მგონია, რომ საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რათა გავაგრძელოთ მისი მკურნალობა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ყიფშიძის ცნობით, სააკაშვილი მადლოერია გორის ჰოსპიტლის პერსონალის. მისივე ცნობით, ფანჯრის ინციდენტი ამოიწურა.

„თავად ფანჯარა ნორმალურია, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, უნდოდათ ისეთივე ფანჯრის დაყენება, როგორიც გლდანის ციხეში ჰქონდა, რომელიც იხსნება დაახლოებით ერთი სანტიმეტრით. იმის გამო, რომ პრეზიდენტი ვერ დადის და ვერ გადაადგილდება, სჭირდება მზის სხივები, მზის სინათლე, ამაზე იყო დიდი გართულებები, მაგრამ ახლა ეს პრობლემა გადაიჭრა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.