ვფიქრობ, საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ავიარეისებზე მოლაპარაკებები განახლდება - დეგნანი

პუბლიკა

„ყველა, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები შეწყდა კოვიდის პერიოდში და ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ კვლავ დაიწყება“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, პირდაპირი ავიარეისები იქნება მნიშვნელოვანი ხიდი საქართველოსა და აშშ-ს შორის.

„თუმცა არ ვიცი, რა ეტაპზეა ახლა, ვინაიდან კოვიდის გამო მოგზაურობის ინდუსტრია ზოგადად დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად მითქვამს, რომ ზოგჯერ რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში პირველად, მანძილის გამო, თუმცა ვახერხებთ ამას მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმართმოყვარეობას გამოცდიან“, – თქვა კელი დეგნანმა.