ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა – თალაკვაძე

პუბლიკა

„არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ შოთაძის კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შოთაძის გენერალური პროკურორობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს დროულად და ეფექტიანად.

„მაშინაც, როდესაც დაზარალებულს ჰქონდა შეკითხვები მის მიმართ, მან ასევე ღირსეულად დატოვა თანამდებობა, რადგან თანამდებობები და სტატუსები არ არის მთავარი. დადასტურდა, რომ, როდესაც ის იყო თანამდებობაზე, ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობდა კანონის დაცვით. დღეს პროკურატურამ ამ საქმის გამოძიებით დაადასტურა, რომ აქ მთავარი პროკურორის მხრიდან სუბიექტური ინტერესები არ ყოფილა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთაძემ სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოსტი ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ დატოვა, რის  შემდეგაც ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.