დღეს, 10 აგვისტოს „პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვან ირაკლი აბსანძეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს, რომ არხი მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტს.
9 აგვისტოთი დათარიღებულ ბრძანებაში მითითებულია, რომ გათავისუფლების საფუძველია შრომის შინა განაწესისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლების დარღვევა, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენების წესების დარღვევა. ბრძანებას ხელს აწერს მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.
როგორც ირაკლი აბსანძე „პუბლიკასთან“ ამბობს, ის სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.
„მგონია, რომ ეს გადაცემა, რომელიც მიმყავდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველთვის დისკომოფორტს უქმნიდა მაუწყებელს. მე მახსოვს სეზონები, როცა ჩემთან არ მოდიოდნენ სახელისუფლებო სპიკერები. შესაბამისად, ალბათ, ეს ამ დისკომფორტის მოხსნის ერთი საშუალება არის“, – ამბობს ირაკლი აბსანძე.
ჟურნალისტი მაუწყებლის გადაწყვეტილებას ასევე უკავშირებს 5-6 ივლისის შემდგომ მის მიერ გაკეთებულ კრიტკულ განცხადებებს.
„აბსოლუტურად ვუკავშირებ ბოლოდროინდელ მოვლენებზე ჩემს პოზიციებს – ორი მოხსენებითი ბარათი დაწერა ბოლო დროს ჩემ შესახებ ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ; პირველი შეეხებოდა იმას, რომ ეთერში გავაპროტესტე დავით გარეჯის შესახებ ვითომ საგამოძიებო ფილმი, რომელმაც, ჩემი აზრით, წაახალისა ძალადობა. მეორე ბარათი შეეხებოდა ჩემს აქტივობას Facebook-ზეც და საპროტესტო აქციებზეც 5-6 ივლისის შემდეგ, როცა ღიად ვწერდი, შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტებს მიღმა, მაგრამ მგონია, რომ ქვეყანა იყო და არის სტანდარტებს მიღმა გასული და ამიტომ მქონდა ამის დაწერის უფლება“, – ამბობს ირაკლი აბსანძე „პუბლიკასთან“.
ირაკლი აბსანძე 12 ივლისს „ქართული ოცნების“ ოფისთან დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ იგი არავითარ წინაარმდეგობას არ უწევს პოლიციას, თუმცა მიუხედავად ამისა მას ძალით სვამენ პოლიციის მანქანაში, რა დროსაც მას ხელი მოტეხეს. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას მოტეხილ ხელზე ოპერაცია დასჭირდა – „მარცხენა მხრის დიაფიზის მოტეხილობა; ხვალ ოპერაცია – მარცხენა მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით“.
ირაკლი აბსანძე, განსაკუთრებით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მძაფრად აკრიტიკებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის წევრებს.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა [საზოგადოებრივ ადგილას ლანძღვა-გინებას] და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.